ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიხსნა ღვთისმშობლის მოზაიკა. მის წინ ღვთისმშობლის კვართი ცოტა ხნით დადეს სასულიერო პირებმა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მსვლელობაში მონაწილეობს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანიც. მისი თქმით, დღევანდელი დღე უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც ქალაქი და ქვეყანა აღნიშნავს, ეს მოზაიკა კი აღნიშავს იმას, რომ ზუგდიდი არის ის ქალაქი, სადაც ინახება უდიდესი სიწმინდე და მისი მადლით არის ეს ქალაქი.
“ღვთისმშობლის მადლით, კურთხეულ წილხვედრ ქვეყანაში დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ და ზეგ უკეთეს მომავალს შევქმნით. მინდა ავღნიშნო, რომ მნიშვნელოვანი მონუმენტი, ფრესკა, მოზაიკა შეემატა ჩვენი ქალაქის ცენტრს”, – განმარტა მან.
ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმის ინიციატივა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეკუთვნის. შარშან ეპარქიამ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამ ინიციატივის განხილვა მოაწყო, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს.
ზუგდიდის საკრებულომ მერიას თანხმობა ერთხმად უთხრა ცენტრალურ მეოდანზე ფრესკის განთავსებაზე. საკითხის განხილვას მაშინ სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ოპოზიცია სხდომას არ დასწრებია.
თუმცა იყვნენ მოქალაქეები, ვინც კატეგორიულად არ იზიარებსდა ფრესკის დადგმის წინადადებას. ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა აცხადებდა, რომ ზუგდიდი ვატიკანი არ არის და მოედანზე ფრესკის დადგმის ნაცვლად სხვა იდეები აქვს.