ზუგდიდის გადამდგარი მერი: მიუღებელია მმართველი პარტიის ლიდერების პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები

796

ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” შეუერთდა, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისთვის მიუღებელი გახდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. ყოფილი მერი თვლის, რომ ახალი პოლიტიკური პარტია ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

“ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი, ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო. სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად.თითოეული ჩვენთაგანის მისწრაფებაა, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, რათა დაუღალავი შრომით ერთად ვიბრძლოლოთ უკეთესი სამშობლოსთვის”, – წერს გიორგი შენგელია.

მან ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” რეგიონული ოფისი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 7ივლისს გახსნა.