ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტური მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით მარნეულში „მოსიარულე მუზეუმი“ გაიხსნება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„მოსიარულე მუზეუმის“ გახსნას „სოლიდარობის მუზეუმი“ გეგმავს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელმა ელნურ ალისოიმ განაცხადა, რომ „მოსიარულე მუზეუმის“ ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყობა ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეების კულტურას გამოხატავს.
„იქ იქნება ტრადიციული ბორჩალოური ხალიჩები, ასევე იქნება 1918-21 წლებში, საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდის დროს, ქართულ პოლიტიკაში ჩართული აზერბაიჯანულენოვანი პოლიტიკოსები, ვინც პარლამენტში ან მაშინდელ დამფუძნებელთა კრებაში იყვნენ წარმოდგენილი, იქნება მათი სურათები და ინფორმაცია თუ რას აკეთებდნენ ისინი. გვექნება ექსპოზიცია ნოვრუზის დღესასწაულის და სხვა ტრადიციების შესახებ. გვინდა რომ ამ ექსპოზიციით გამოვხატოთ საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი თემის კულტურა, მისი საერთოობა საქართველოსთან და გვინდა რომ მის ფესვებსა და ფილოსოფიურ დატვირთვაზეც ვისაუბროთ“ – განაცხადა ელნურ ალისოიმ
„მოსიარულე მუზეუმი“ მარნეულში აგვისტოში გაიხსნება. მარნეულის შემდეგ მუზეუმი ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსაც მოივლის.
„მოსიარულე მუზეუმი გაიხსნება მარნეულში. ჯერ ქვემო ქართლის და თბილისის ფარგლებში გვექნება რამდენიმე ლოკაციაზე და მერე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ვგეგმავთ ტურების დაგეგმვას. აგვისტოს ბოლოსთვის დავგეგმავთ, რომ გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულოს მიმართულებით წავალთ და შემოდგომისკენ წავალთ საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, პანკისი და ა.შ მიმართულებით“
„მოსიარულე მუზეუმის“ დათვალიერება დაინტერესებული პირებისათვის უფასო იქნება. ექსპოზიცია ქალაქების ცენტრალურ ნაწილში განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
„მოსიარულე მუზეუმის“ პროექტი ორბელიანი საქართველოს ფონდის მეშვეობით, რუსთავის ინოვაციური ჰაბის მიერაა დაფინანსებული. პროექტის ბიუჯეტის ნაწილი ორგანიზატორებმა crowdfunding-ის მეშვეობით უნდა შეაგროვონ.
მოქალაქეებს, ვისაც სურთ, რომ „სოლიდარობის მუზეუმს“ „მოსიარულე მუზეუმის“ პროექტის განხორციელებაში დაეხმაროს თანხის ჩარიცხვა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლიათ.