ემზადებიან თუ არა მარნეულელი პოლიტიკოსები პარტიულ სიებში ქალების შესაყვანად

276

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გენდერული კვოტირების სისტემაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. დღეს, 24 ივნისს, საქართველოს პარლამენტი ცვლილებების პაკეტს, პლენალურ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ცვლილების მიხედვით, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში ყოველი მესამე პირი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ამ დრომდე, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2028 წლამდე გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში ყოველი მეორე კანდიდატი უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის.

მარნეულში მომუშავე პოლიტიკურ პარტიების ნაწილს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, მაგრამ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებსაც ელოდებიან.

„სამუშაოები უკვე დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ ჯერ-ჯერობით ველოდებით კანონის ცვლილებებს. საინტერესოა რომელი თემები, რომელი სოფლები გაერთიანდება ერთ მაჟორიტარულ ოლქში და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე გვეცოდინება თუ რომელ თემში რომელი პიროვნება იქნება კანდიდატი. „ქართულ ოცნებას“ არაფერში არ ვენდობით, მათ წინასწარ თქვეს, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს ქალთა სქესის წარმომადგენელი, მაგრამ დღეს კომიტეტებში უკვე ვხედავთ, რომ მიმდინარეობს სხვანაირი აზრის ფორმულირება. საუბარია ყოველ მესამეზე, რომ ყოველი მესამე იყოს ქალთა სქესის წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე ჩვენც ველოდებით რომ გავიგოთ თუ როგორ შევადგინოთ ჩვენი პროპორციული სია“. – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის განმარტებით, ის კვოტირების კანონპროექტს ზოგადად არ ეთანხმება, რადგან თვლის, რომ პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ხელოვნურად ჩართულობა არ შეიძლება. ამბობს, რომ თუ ქალს სურვილი აქვს ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობაში, მაშინ მას ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ არაა სავალდებულო, რომ პარტიებმა ქალი კანდიდატები ძალით, მხოლოდ სიებში ჩაწერის მიზნით, წარადგინონ. იმამკულიევის თქმით, ის უკვე ეძებს აქტიურ ქალებს, რომლებსაც „ევროპული საქართველოს“ სახელით არჩევნებში მონაწილეობას შესთავაზებს, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ მარნეულში აქტიური და პოლიტიკურად მოტივირებული კანდიდატების, როგორც ქალების, ისე კაცების, მოძიება რთულია.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება უკვე დაწყებული აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ენმ“-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ პარტიული სია მხოლოდ კვოტირების კანონის დასაცავად არ შედგება და მასში ისეთი ქალები შევლენ, რომლებიც აქტიურები არიან და ცვლილებებისათვის იბრძოლებენ.

„ამ მხრივ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. არიან ქალები, რომლებთანაც კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს ადამიანები ახლო მომავალში იქნებიან წარდგენილი საზოგადოების წინაშე. კვოტას ერთი პლიუსი აქვს, რომ უფრო მეტი ქალი დაინტერესდება პოლიტიკით და პარტიებიც იძულებული გახდებიან რომ სიებში ქალი კანდიდატები შეიყვანონ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მხოლოდ კვოტისათვის და ქალები სიაში მხოლოდ კვოტის გამო არ შეგვყავს. „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო აკეთებს. ალბათ რეგიონებში არ ყავთ ბევრი აქტიური ქალი და უჭირთ მათი მოძიება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს კანონში ცვლილების შეტანა“. – განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

რადიო „მარნეული“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან, გასაუბრებასაც შეეცადა, რათა გაგვერკვია დაიწყო თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და რას ფიქრობს ის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ გიორგაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ კვოტირების სისტემაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი 22 ივნისს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა.