ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ სრულად განვაახლეთ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი და მუნიციპალიტეტს ახალი, 40 ერთეული ავტობუსი ემსახურება, დასასრულს უახლოვდება ავტოპარკის მშენებლობაც. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა პრიორიტეტულია“- განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა. განახლდა ავტოპარკი, მოწესრიგდა და დაინერგა გადახდის ელექტრონული სისტემა, მოწესრიგდა მძღოლთა შრომისანაზღაურების სისტემა და ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტისადმი ხელმისაწვდომისა და მიწოდებული სერვისის ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად.
„ზუგდიდში სრულად განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქმედებს გადახდის ელექტრონული სისტემა.
ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.
მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.
ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათით სარგებლობენ: მოსწავლეები; სტუდენტები; უფასო სასადილოს ბენეფიციარები; პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საპატიო ზუგდიდელები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.