სამსახურიდან გამიშვეს, რადგან გიორგი გახარიას მამიდაშვილი ვარ – ზუგდიდელი მეხანძრე

593

სახანძრო-სამაშველო სამსახურის სენაკის განყოფილების თანამშრომელი, დათა შურღაია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დათა შურღაიამ ლაივპრესს უთხრა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან ნათესაური კავშირის გამო გაუშვეს.

“მითხრეს, დაწერე განცხადება, რომ ვითომ ოჯახური მდგომარეობის გამო მიდიხარ სამსახურიდან. მე რიგითი მეხანძრე ვიყავი. არც თანამდებობა მქონდა, არც არაფერი, ცეცხლის ჩაქრობაზე ვმუშაობდი და მეტი არაფერი, მაგრამ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ მე და გიორგი გახარია და ალბათ ამიტომ. აზრი არ აქვს სასამართლოში დავას, რას მოვიგებ”, – ამბობს გათავისუფლებული.

დათა შურღაიას გათავისუფლების მიზეზის გასარკვევად “ლაივპრესი” სახანძრო-სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამბავს მოიკვლევენ და მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. 29 მაისს, კი პარტია “საქართველოსთვის” პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პარტიული დააყენა.