ზუგდიდის ბიუჯეტი 2 მილიონამდე ლარით გაიზარდა

438

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 942 700 ლარის ოდენობით გაიზარდა და 54 063 300 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 52 120 600 ლარისა. შესაბამისი ცვლილება საკრებულომ 4 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერსს.

აღნიშნული თანხა მიზნობრივი ტრანსფერია, ის რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო და შემდეგ პროექტებს მოხმარდება:

თამარ მეფის ქუჩის, ყულიშკარისა (საროგაოს უბანი) და ცაცხვის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ჭაქვინჯის (ბაღმარანის უბანი), ნარაზენის (საბეჭვაიოს უბანი) და ჭკადუაშის (პაპავების უბანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა;

წმ. გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.