მარნეულის მერიამ 45 სოფელში გარეგანათების მოსაწყობად 24 400 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა

328

2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მარნეულის 45 სოფელში გარეგანათება მოეწყობა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 6 მაისს, სოფლებში გარეგანათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა შპს „დიზაინი 2008“-ს მარნეულის 45 სოფელში გარე განათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის 24 400 ლარს გადაუხდის. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გაფორმებამდე მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა.

“მთავრობამ მოგვცა ნებართვა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამარტივებული შესყიდვები განვახორციელოთ. მთავრობის მიზანი ისაა, რომ პროექტები წილ ბოლომდე დამთავრდეს. ვინაიდან ტენდერები შესაძლოა ერთი თვე, თვენახევარი არ შემდგარიყო, აქედან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის წესით და ბაზრის კვლევის წესით წავედით და ამიტომ ეს პროექტები, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბრამდე დასრულდეს“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ ყველა პროექტზე გამარტივებული შესყიდვის წესი იმოქმედებს და ღია ტენდერები არ გამოცხადეება. მამედოვის თქმით, დარჩენილ სოფლებში სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება უკვე დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა “რადიო მარნეული” რამდენჯერმე შეეცადა გაეგო, თუ რომელ სოფლებში რა პროექტების განხორციელებას დაუჭირა მოსახლეობამ მხარი, მაგრამ ამ ეტაპამდე ინფორმაცია ვერ მიიღეს. 2 მარტს მარნეულის მერიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად წერილობითი მიმართვა იყო საჭირო.

მარნეულის მერიამ რადიო „მარნეულის“ წერილს 10 დღის შემდგომ უპასუხა, მაგრამ მასში კვლავ არ იყო მითითებული, თუ რა გადაწყვიტა სოფლის მოსახლეობამ.

„მიმდინარე წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’-ის ფარგლებში, ყველა სოფელში გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფლის კრება/კონსულტაციის ფორმატის შეხვედრები. მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, დებულებით განსაზღვრულ 77 სოფელში, მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით გამოყოფილია 1 232 000 ლარი.

მოსახლეობის მხრიდან თითოეულ სოფელში არჩეული იქნა მათთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი და ამ ეტაპზე, მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მიმდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების წილის განსაზღვრის პროცესი“ – აღნიშნულია მერიის მიერ “რადიო მარნეულისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება 16 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლამდე გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ დაკომპლექტებულმა სამმა ჯგუფმა სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში გამართა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.