ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა

306

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

„ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. ეს არის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად გამოირჩევა მართვის ეფექტურობით. ასევე, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ობიექტის დამოუკიდებელ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მნისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მას 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.