2 წლის წინ მთავრობის მიერ დაანონსებული სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბენდელიანის ქუჩაზე მაისში დაიწყება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინურმა კომპანიამ „ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.
როგორც „ლაივპრესს“ კომპანიის წარმომადგენელმა დავით ცირდავამ განუცხადა, ტენდერი გასული წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა, თუმცა გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის დამფინანსებელ, „აზიის განვითარების ბანკთან“ დეტალების დაზუსტებას. მათ შორის საუბარი იყო მშენებლობისას გასათვალისწინებელ გარემოს დაცვის საკითხებზე.
„პროექტი მუშავდებოდა ისე, რომ რაც შეიძლებოდა მეტი სარგებელი მიეღო როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე მოსახლეობას. ჩვენ ყველა ეს დეტალი გავიარეთ. გაცემულია მშენებლობის ნებართვა და უკვე შემდეგი კვირიდან იწყება შემოღობვის სამზადისი. აღდგომის შემდეგ, მაისის პირველი რიცხვებიდან უკვე ვიწყებთ მშენებლობას“, – განაცხადა დავით ცირდავამ.
მისივე ინფორმაციით, მუშახელის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივ მცხოვრებლებს.
რაც შეეხება კომპანია „ნანთონ სანძიენ ჯორჯიას“, როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და აქვს მშენებლობის სფეროში დიდი გამოცდილება. მანვე აღნიშნა, რომ იდენტურ პროექტს კომპანია ახალციხეშიც ახორციელებს და სამუშაოები ორივე მუნციპალიტეტში ჩატარდება ერთდროულად.
ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც დავით ცირდავა განმარტავს, შეეცდებიან სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულონ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას.
მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.
ზუგდიდში, მთავრობის დანაპირები ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მათი განმარტებით, თუ ადრე საუბარი იყო მხოლოდ საცურაო აუზზე, მას ახალი სივრცეები დაემატება და აშენდება სპორტკომპლექსი, აუზი კი ამ კომპლექსის ნაწილი იქნება.
ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ზუგდიდში ყოფნისას ადგილობრივებს ჯერ კიდევ 2018 წელს დაჰპირდა, რომ მუნიციპალიტეტს ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ექნებოდა.