მარნეულის ორი სოფლის სათემო ცენტრმა მემორანდუმი გააფორმა

326

მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის სათემო ცენტრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ წითელსოფლის სათემო ცენტრის ხელმძღვანელმა არამ აკოფიანმა განაცხადა, რომ სოფელ ალგეთის სათემო ცენტრთან მემორანდუმის გაფორმების მიზეზი ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და ორი სოფლის მოსახლეობის დაახლოებაა.

„მემორანდუმი გაფორმდა შარშან ზაფხულში, მაგრამ შემდეგ კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ვერაფრის გაკეთება მოვასწარით. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას, საერთო პროექტების დაწერას. სოფელ ალგეთის და ჩვენი ცენტრიც სათემო ცენტრებია და ჩვენ მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ძლიერი აქტივობების ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი ჩვენი თანამშრომლობის შედეგად“, – განაცხადა არამ აკოფიანმა.

წითელსოფლის სათემო ცენტრის ხელმძღვანლის განმარტებით, ამ ეტაპზე მემორანდუმის ფარგლებში სოფელ ალგეთის სათემო ცენტრთან ერთად პროექტს არ ანხორციელებენ, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. აკოფიანის თქმით, პანდემიის დასრულების შემდგომ ცენტრები საერთო პროექტებზე იმუშავებენ.