რას სთავაზობს ადგილობრივებს მარნეულში გახსნილი ამერიკული კუთხე?

278

22 აპრილს, მარნეულში ამერიკული კუთხე გახსნა. ამერიკული კუთხე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გახსნა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„უაღრესად მოხარული ვარ, რომ დღეს აქ მარნეულში გავხსენით ამერიკული კუთხე. ეს არის მეცხრე ამერიკული კუთხე საქართველოში. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი წარმოადგენს ძალიან მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ძალინ მოხარული ვარ, რომ მარნეულმა გამოიჩინა მზაობა და ერთგულება იმისთვის, რომ უზრუნველყო ეს ადგილი ახალგაზრდებისთვის. მათ ექნებათ აქტიურად ჩართულობის შესაძლებლობა, ასევე ახალი უნარების შეძენის და იდეების გაცვლისა”- აღნიშნა კელი დეგნანმა.

დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი  და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კუთხე გახდება ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც იმოქმედებს საზოგადოების გაძლიერებაზე.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხე შეიქმნა მარნეულელებისთვის. ეს კუთხე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდებმა უფრო მეტი ისწავლონ ამერიკის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კუთხე კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამერიკის მხრიდან ყოველთვის იყო განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი რეგიონისადმი, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა”- თქვა ზაურ დარგალმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მეროე ამერიკული კუთხე, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით გაიხსნა. ამერიკული კუთხის საქმიანობა პარტნიორობაზე იქნება აგებული და მისი მიზანი იქნება– ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის. კუთხე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის.

რას გვთავაზობს ამერიკული კუთხე?

გაიუმჯობესე ინგლისური ენის ცოდნის დონე.
გაიგე მეტი ამერიკისა და ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლების შესაძლებლობის შესახებ.
დაესწარი საინტერესო საჯარო პროგრამებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.
გაიგე მეტი ამერიკულ საზოგადოებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე.
მიიღე თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.
მიიღე წვდომა სხვადასხვა დასახელების წიგნებთან და აუდიო ვიდეო მასალასთან.
გამოიყენე სივრცე შენი იდეებისა თუ პროექტების რეალიზებისთვის.
გაიცანი თანამოაზრე ადამიანები.