ახალციხის საკრებულოს დეპუტატი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

605
ამბარცუმ ბაბოიან

წინა სტატია

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ახალციხის საკრებულოში, ამბარცუმ ბაბოიანი საკუთარი მანქანის დაწვის საქმეში დაზარალებულად ცნობას ითხოვს. აღნიშნულ საქმეზე მისმა ადვოკატმა სასამართლოს უკვე მიმართა.

ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეში დეპუტატს არა მოწმის, არამედ დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მანქანა მიზანმიმართულადაა დამწვარი.

„ჩვენი მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ავტომანქანის კაპოტზე არის ნავთობ პროდუქტის კვალი, ვიღაცამ მიზანმიმართულად თუ არ მიასხა ისე ვერ მოხვდებოდა. ვითხოვთ დაზარალებულის სტატუსს, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება წვდომა საქმის მასალებთან“, – განაცხადა ნუგზარ სამარჯიშვილმა, თუმცა ექსერტიზის დასკვნის ჩვენებაზე უარი განაცხადა: “ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილებაა”.

ამბარცუმ ბაბოიანი საგამოძიებო უწყებისგან საქსპერტო ბიუროს მიერ ჩატარებული ექსერტიზის დასკვნას ითხოვდა, თუმცა როგორც თავად თქვა, არ გადასცეს.

ეს ამბარცუმ ბაბოიანის მანქანის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის, 2017 წლის დეკემბერში მის მანქანასთან აფეთქება მოხდა. მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, ორწლიანი ლოდინის შემდეგ ამბარცუმ ბაბოიანი დაზარალებულად ცნეს.