ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი 15 ნოემბერს, გამთენიას გაუჩნდა. დეპუტატი ამბობს, რომ მანქანა სახლთან ჰყავდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„დილის 4 საათი იქნებოდა, ხმა გავიგეთ და გარეთ გავედით. ვერავინ დავინახე არ ვიცი ვინ იყო, მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. დავრეკე 112-ზე და პატრული და სახანძრო მოვიდა. მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, აღარ გამოდგება“, – ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.
დეპუტატი მანქანის დაწვის მიზეზად ვერაფერს ასახელებს: „უკვე აღარც მინდა მაგაზე ფიქრი. ორი დღეა ცუდად ვარ“.
საქმეზე შსს-მ ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, ან აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ეს ამბარცუმ ბაბოიანის მანქანის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის, 2017 წლის დეკემბერში მის მანქანასთან აფეთქება მოხდა. მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და ორწლიანი ლოდინის შემდეგ ამბარცუმ ბაბოიანი დაზარალებულად ცნეს. დასრულდა თუ არა გამოძიება და რა შედეგით, უცნობია, აღნიშნულ საკითხზე შსს–სგან პასუხი ვერ მივიღეთ.