თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (კოკი, ორსანტია, რიყე, ანაკლია, განმუხური, რუხი, შამგონა, ხურჩა) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აგრარული საქმიანობის მხარდაჭერას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ასოციაცია “იმედის” მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას, 55 ოჯახს გადაეცემა სოფლის მეურნეობისთვის როგორც ტექნიკა, ისე შესაწამლი ნივთიერებები. აღნიშნული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც თურქეთის მთავრობასთან, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა“, -აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა და იგი 1992 წელს დაარსდა. მათივე ცნობით, დღეისათვის TİKA 60 ქვეყანაში საქმიანობს 62 საკოორდინაციო ოფისით.
TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 26 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული.