„გამოვრიცხავთ ნეპოტიზმის ნიშნებს“ – სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები TI-ს კვლევაზე

390

წინა სტატია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“კვლევას, რომელშიც სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებზეა საუბარი, საჯარო მოხელეები ეხმაურებიან, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათი ოჯახის წევრები სამსახურებში არა ახლობლობის, არამედ კვალიფიკაციის მიხედვით აიყვანეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

TI–ს კვლევაში სამცხე–ჯავახეთიდან ხუთ საჯარო პირზეა საუბარი. მათ შორისაა ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გელა ლომიძე, რომლის მეუღლე 2016 წლის დეკემბრიდან სოფელ ფერსის საბავშვო ბაღის მენეჯერად  მუშაობს. გელა ლომიძე კი სამსახურის უფროსად ორი წლით ადრე, 2014 წელს დაინიშნა.

„ჩემს მეუღლეს დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი ფილოლოგიის განხრით, ასევე მუშაობდა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ლექტორად და შემდეგ ჟურნალისტად, მას ასევე აქვს განათლება სააღმზრდელო დაწესებულებაში მუშაობასთან დაკავშირებით, ასე რომ, ყველანაირად გამოვრიცხავ კვალიფიკაციის ნაკლებობას და ნეპოტიზმის ნიშნების არსებობას მის ამ პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გელა ლომიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მეუღლის დასაქმებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს ასპინძის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ირაკლი ჯვარიძეც,  მას თანამდებობა ასპინძის მერიაში 2018 წლიდან უკავია. მეუღლე, მირანდა გორდულავა კი 2019 წლის სექტემბრიდან ააიპ „ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ პედაგოგის პოზიციაზე დასაქმდა.

„ამ პოზიციის დაკავება შესაბამისი წესის ფარგლებში მოხდა. ჩემი ჩართულობა არ ყოფილა. მას ჰქონდა სათანადო განათლება და დასაქმდა მინიმალური ხელფასით“,– აცხადებს ირაკლი ჯვარიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეს, ვარლამ ხვინგიას ბორჯომის საკრებულოში თანამდებობა 2014 წლიდან უკავია. მისი მეუღლე, თამარ თაგვაძე ააიპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად 2018 წლის იანვრიდან დასაქმდა.

ვარლამ ხვინგია გამორიცხავს, რომ მისი მეუღლის სამსახურეობრივი დაწინაურება რაიმე გზით უკავშირდება მის თანამდებობრივ მდგომარეობას.

„ჩემი მეუღლე „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ 2014 წლის მარტიდან მუშაობს თუ სწორად მახსოვს. ჩემი საკრებულოს წევრად არჩევა მისი მუშაობის დაწყებიდან 3–4 თვის შემდეგ მოხდა, ივნისში. რაც შეეხება მის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად დანიშვნას, სხვა პიროვნებამ დატოვა სამსახური და ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ დაეწინაურებინათ, რადგან აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიითაც სახელმწიფო მოხელის დიპლომი აქვს. მე არ ვერევი ჩემი მეუღლის სამსახურეობრივ საკითხებში, რადგან საკრებულოს წევრი, თანამდებობის პირი ვარ. ჩემმა მეუღლემ თავისი შრომით და გამოცდილებით მიიღო ეს სამსახური“,– განმარტავს ვარლამ ხვინგია.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარე სედა მელკუმიანის და  ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ალექსი ზედგინიძის პოზიციაც მოესმინა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ალექსი ზედგინიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ის არც მერიის შენობაში დაგვხვდა.

სედა მელკუმიანს ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია  2017 წლიდან უკავია. 2018 წლის იანვრიდან მისი მეუღლე,  რაფიკ აბაჯიანი ახალქალაქის მერიაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდა.

ალექსი ზედგინიძე ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი 2016 წლიდან არის. 2018 წლის აპრილიდან დედა, მარინე ნადირაძე  ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში“  ექთნად მუშაობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორის, თამუნა უჩიძის განმარტებით, რეგიონში 100–ზე მეტი თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ააიპ-ებსა და შპს–ებში დასაქმებული პირები, რომელებიც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები არიან, პოზიციებზე საჯაროდ გამართული კონკურსის გარეშე დაინიშნენ. შესაბამისად, საეჭვოა ის გარემოება, რამდენად  აქვთ ამ პირებს შესაბამისი კვალიფიკაცია იმ პოზიციების დასაკავებლად, რაზეც დასაქმებულნი არიან.

„ნებისმიერი აიპ-ის ან შპს–ს დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. კონკრეტულ უწყებებში საშტატო ნუსხაც თანხმდება მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს ადამიანები საქმდებიან კონკურსის გარეშე. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ისინი პირდაპირ ბმაში არიან ნეპოტიზმის ნიშნების შემცველ ჯაჭვთან. იმ პოზიციებზე, რაზეც ეს პირები არიან დასაქმებულნი, რომ ტარდებოდეს საჯარო კონკურსი, უფრო ზუსტი შეფასების საშუალება იქნებოდა რამდენად აქვთ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია“,– აცხადებს თამუნა უჩიძე.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 144 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, შედეგად 49  დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, 27 შემთხვევაში კი თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობა გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა საკადრო პოლიტიკა წარმართონ სამართლიანად და კანონის დაცვით, რაც გულისხმობს თანამშრომელთა შერჩევას ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით, მოხელის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კი უნდა იყოს გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან“, – წერია ორგანიზაციის მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში.