“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) მერიებისა და საკრებულოების წევრების დეკლარაციები შეისწავლა.
TI-მ სულ 144 თანამდებობის პირის 2020-21 წლის დეკლარაცია ნახა, საიდანაც 49-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, ასევე, გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.
ორგანიზაცია წერს, რომ რომ ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
“კვლევის ფარგლებში, ასევე გამოვავლინეთ ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები – რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ხუთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები დასაქმდნენ თვითმმართველობებში, ან მას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში,”- წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 22 თანამდებობის პირიდან, დეკლარაცია ხარვეზებით ხუთმა შეავსო.
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანმა 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ალბინა ვარტანიანი,
2015 წელს დაფუძნებული შპს „ტელეკომპანია ფარვანას“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია.
ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ზმოიანს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ 2011 წლიდან იგი ა(ა)იპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციის“ დირექტორია. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა
რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ თავმჯდომარე
ანდრანიკ კარაპეტიანს 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი 2011 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – ახალგაზრდების“ თავმჯდომარე
დავიდ დურგარიანს 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ 2016 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარე
ვაგინაკ არზუმანიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკალრაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ანი არზუმანიანი, 2013 წლის მარტიდან, ინდივიდუალური მეწარმეა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 28 თანამდებობის პირიდან 11-ს სხვადასხვა დარღვევა აქვს.
ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სტეფან ეზოიანს 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში უწერია, რომ მეუღლე, ჯემმა კაროიანი შპს „ჯავახეთის
პროფესიული კოლეჯის“ დირექტორია, თუმცა არ აქვს მითითებული, რომ იგი ამავე შპს-ს 90% წილის მფლობელია. ასევე, ეზოიანმა არ მიუთითა, რომ მისი შვილი, სათენიკ ეზოიანი 2017 წლის ნოემბრიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ახალქალაქის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი როზა იორდანიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე, ვლადიმერ გოგოლაძე
2014 წლის თებერვლიდან შპს „ელგის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია.
ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის
სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა ამირშადიანი ააიპ ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ბუღალტრადაც მუშაობს, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა.
ახალქალაქის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტორის სამსახურის უფროსი არტაშეს აბგარიანს 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2011 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული.
ახალქალაქის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი რუბენ აბაჯიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე, ასია აბაჯიანი 2001 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა. რუბენ აბაჯიანის დეკლარაციების თანახმად, იგი 2018 წლიდან პარალელურად მუშაობს შპს “ვიქტორია სექიურითში” მენეჯერის პოზიციაზე, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიოზ ლომსაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პარალელურად არის შპს „მეეკის“ ფინანსური მენეჯერი. მან ეს
ინფორმაცია დეკლარაციაშიც აღნიშნა, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა. „მეეკი“ ნინოწმინდა-ახალქალაქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახს ეკუთვნის. 2010 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები და შპს-ები საწვავს გამარტივებულად ყიდულობდნენ შპს “მეეკისგან”. კომპანიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“ 2020 წლის იანვარში წერდა. გაიოზ ლომსაძე საკრებულოში არჩევამდე შპს „მეეკის“ დირექტორი იყო.
ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე
კობა გოხაძეს 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ 2010 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა, დეკლარაციაში არც ის უწერია, რომ 2018 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა მისი შვილი, ზურა გოხაძეც.
ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სედა მელკუმიანი საკრებულოში დაკავებულ თანამდებობასთან ერთად ხელმძღვანელობს ორ ა(ა)იპ-ს: ააიპ „სამცხე-ჯავახეთის ხალხთა მეგობრობას“ და ააიპ „სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსათვის“, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა. ეს ინფორმაცია მან
2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა.
ახალქალაქის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე სიპან შიპაკციანს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისმა მამამ, პაველ შიპაკციანმა და დედამ, ქიშმიშ წორმუტიანმა 2016 წელს ფააფუძნეს კოოპერატივი „აზავრეთი“ და მისი დირექტორები არიან. ასევე, დეკლარაციაში
არ მიუთითა, რომ დედა 2007 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ახალქალაქის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანდრანიკ მურადიანმა 2020 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ იგი კოოპერატივ „რუბენ 2014-ის“ დირექტორია. მურადიანს ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი შვილი რუბენ მურადიანი ინდივიდუალური მეწარმეა.
ახალქალაქის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სარკის მელიქიანს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ ძმასთან, გევორკ მელიქიანთან ერთად,
2019 წლის მარტში კოოპერატივი „მიმოზა“ დააფუძნა. გევორკ მელიქიანი ამ კოოპერატივის დირექტორია. მელიქიანმა დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ მისი ძმა გევორკ მელიქიანი, მამა აშოტ მელიქიანი და დედა ანაიტ მელიქიანი ინდვიდუალური მეწარმეები არიან.
აღსანიშნავია, რომ გევორკ მელიქიანთან ახალქალაქის მერიამ, 2019 წლის ივლისში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 19,999 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში 24 თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით ცხრამ შეავსო.
როსტომ მაგრაქველიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძეს 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ კოოპერატივ „ცეკავშირის“ დირექტორია.
ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილს 2020 წლის დეკემბერში შევსებულ დეკალრაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე, მარინე ლონდარიძე კოოპერატივ „ვარძია 2015“-ის წევრი და დამფუძნებელია.
ასპინძის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ირაკლი ჯვარიძემ 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი 2020 წლის 25 ნოემბრამდე
ინდივიდუალური მეწარმე იყო.
ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ოთარ ცინაძეს 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მეუღლე ირმა ზაზაძე-ცინაძე 2016 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ასპინძის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი როინ ვაჭარიძეს 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2015 წლიდან კოოპერატივ „აგარას“ გამგეობის წევრია.
ასპინძის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე მერი გიორგაძეს 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე, ნოდარ ლეკიშვილი 2011 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა. მერი გიორგაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მეუღლე, ნოდარ ლეკიშვილი შპს „ხერთვისიჰესის“ დირექტორია, თუმცა არ აღნიშნა, რომ იგი ამავე შპს-ს 80% წილის მფლობელია.
ასპინძის საკრებულო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ემინ ბალოიანს 2020 წლის აგვიტოში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ ცოლი დანია ბალოიანი შპს „კოხტას“ დირექტორი და კოოპერატივ „სოფლის ნობათის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
ასპინძის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე
ბადრი მაღრაძემ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ კოოპერატივ „ზედა თმოგვის“ დამფუძნებელი და დირექტორია. დეკლარაციაში ასევე, არ უწერია, რომ მეუღლე, მარინე ასპანიძე-მაღრაძე ინდივიდუალური მეწარმეა.
ნინოწმინდის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯვარიძემ 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ 2008 წლიდან ინდივიდუალური
მეწარმეა. ასევე, დეკლარაციებში არ უწერია, რომ მეუღლე, ლარისა შელეკიძე კოოპერატივ „ჭობარეთის“ გამგეობის წევრი და დამფუძნებელია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში 24 თანამდებობის პირიდან 7 მათგანს სხვადასხვა სახის დარღვევა აქვს.
ადიგენის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ლევან მუმლაძეს 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ ძმა, ნუკრი მუმლაძე 2010 წლიდან
ინდივიდუალური მეწარმეა.
ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ბეთხოშვილმა 2020 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმე იყო.
მან მეწარმის სტატუსი 2021 წლის 17 მარტს გაიუქმა.
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამიამ 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო N2“-
ის 100% წილის მფლობელია. რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დარღვევაა. ძაძამიას წილი სამართავად სხვისთვის უნდა გადაეცა. თამაზ ძაძამიას დეკლარაციაში არ უწერია, რომ შვილი, გიორგი ძაძამია ინდივიდუალური მეწარმეა.
ადიგენის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა მერაბიშვილს 2020 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული რომ, იგი ინდივიდუალური მეწარმეა.
ადიგენის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
თეიმურაზ შავაძეს 2020 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ შვილი, ბესიკ შავაძე, 2015 წლიდან კოოპერატივი „ადიგენის ნობათის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.
ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2017 წლის მაისში დაფუძნებული, შპს „დოლისპურის“ დირექტორი და 40% წილის მფლობელია.
ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე
ნოდარ გაგნიძეს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ შვილი, გაგი გაგნიძე ინდივიდუალური მეწარმეა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შესწავლილი 24 თანამდებობის პირიდან 7 დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო.
ბორჯომის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძეს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციებში არ უწერია, რომ მეუღლე, ალექსი გელაშვილი
ინდივიდუალური მეწარმეა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)
ოთარ არბოლიშვილს 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მეუღლე, მაკა მთიულიშვილი ინდივიდუალური მეწარმეა.
ბორჯომის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
მამუკა ლურსმანაშვილმა 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმეა.
ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ივანე შალუტაშვილმა 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამა, სიმონ შალუტაშვილი და დედა, ლეილა ცინაძე ინდივიდუალური მეწარმეები არიან.
ბორჯომის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ ლაშხმა 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში, არ ჩაწერა, რომ 2019 წლის ივლისიდან იგი ააიპ „სამცხე-ჯავახეთის
ჭიდაობის ფედერაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე, 2017 წლის სექტემბრიდან ააიპ „ჭიდაობის კლუბ ბორჯომის“ დირექტორია. რევაზ ლაშხს დეკლარაციაში ასევე არ უწერია, რომ დედა, ნინო ლაშხი ინდივიდუალური მეწარმეა.
ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კვირველიამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ მამა, ალეკო კვირკველია ინდივიდუალური მეწარმეა, ასევე ფლობს წილებს და იკავებს დირექტორის პოზიციას შემდეგ კომპანიებში: შპს “თავთავი-X-2008” – 20% წილის მფლობელი და დირექტორი. შპს “მერია 2011” – 50% წილის მფლობელი და დირექტორი. შპს “ჯიჯი სთამ კომპანი“ – 16% წილის მფლობელი. შპს “დათუნა 2006” – 15% წილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კვირკველია არის ორი ა(ა)იპ-ის – “ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის” და “ჩვენი ბორჯომის” დირექტორი და ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. ორივე ააიპ ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც: ა(ა)იპ-მა „ჩვენი ბორჯომი“ 2,327 ლარის ღირებულების 43 გამარტივებული შესყიდვა მიიღო 2013-2020 წლებში, ა(ა)იპ “ბორჯომის ბავშვთა ფედერაციამ” კი 53,200 ლარის ღირებულების სამი ტენდერი მოიგო 2011-2014 წლებში. ირაკლი კვირველიას ბორჯომის საკრებულოში თანამდებობა 2018 წლიდან უკავია.
ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ფირან გოგიჩაშვილს 2020 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ იგი ინდივიდაულური მეწარმეა. მას
ბორჯომის საკრებულოში თანამდებობა 2018 წლის მაისიდან უკავია. 2014 წელს, გოგიჩაშვილმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ჯამში, 18 306 ლარი მიიღო. ფირან გოგიჩაშვილი 2009 წლის ივლისიდან 2018 წლის 22 ოქტომბრამდე შპს „წყალსადენისა და კანალიზაციის საექსპლუატაციო სამსახურის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო. კომპანიის დათმობამდე, ვიდრე იგი საკრებულოს რიგითი წევრი
იყო, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ებიდან სამ შესყიდვაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს თავად მოაწერა ხელი, ჯამში 6 437 ლარის ღირებულებით.
ახალციხის თვითმმართველობაში შესწავლილი 22 თანამდებობის პირიდან სხვადასხვა სახის დარღვევა 10 მათგანის ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩნდა.
ახალციხის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძეს 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ იგი, 2008 წლის აპრილიდან ა(ა)იპ „ჭულეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პირია. კომპანია, 2016-2019 წლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გამოცხადებულ ხუთ ტენდერში მონაწილეობდა და ოთხი უკონკურენტოდ მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 184 977 ლარი. ამ პერიოდში ალექსი ზედგინიძეს თანამდებობა ეკავა. ალექსი ზედგინიძე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ დედა, მარინე ნადირაძე შპს „სტომატოლოგში“ მედდაა, თუმცა არ
უთითებს იმის შესახებ, რომ იგი ამავე შპს-ს 3% წილის მფლობელია. ზედგინიძის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მისი ძმა, გიორგი ზედგინიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის და
მისი ცოლის ძმის კომპანიებში შპს „მელიზასა“ და შპს „მესხეთი XXI-ში“ საქმის მწარმოებლის პოზიციაზეა დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების შესაძლო კორუფციულ სქემაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2019 წლის ივლისში წერდა. საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ახალციხის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილს 2020 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში უწერია, რომ 2010 წლიდან შპს „ახალციხე აგროში“
10% წილს ფლობს, თუმცა საკუთარი წილი, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ზარდიაშვილს დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2008 წლიდან შპს „ელ-ეს-ელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომერციული დირექტორია.
ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი
გიორგი აღლემაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 2020 წელს დაინიშნა. მას ამავე წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „არსიანი-5-ის“ 20% წილის მფლობელია. თუმცა საკუთარი წილი, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. კომპანია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ტენდერებში აქტიურად მონაწილეობს, თუმცა, მას შემდეგ რაც აღლამშვილი თანამდებობაზე დაინიშნა, ტენდერებში მონაწილეობა აღარ მიუღია. რაც შეეხება პირდაპირ შესყიდვებს, აღლემაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა 20 000 ლარზე ერთი პრიადპირი შესყიდვა გაუფორმა.
ახალციხის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი
ზაზა თამარაშვილს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ ააიპ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელმშემწყობი კავშირი ,,აწყურის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
ახალციხის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი გიორგი ინასარიძეს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ იგი ინდივდუალური მეწარმეა. მას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ ინდივიდუალური მეწარმეა მისი შვილი, შალვა ინასარიძე. შალვა ინასარიძეს 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან, 5 875 ლარის ღირებულების ერთი ტენდერიც აქვს მოგებული.
ახალციხის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის
თავმჯდომარე 2021 წლის წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში ვლადიმერ კურტანიძეს არ უწერია, რომ მამა, გოდერძი კურტანიძე კოოპერატივ „ზეუბანის“ დირექტორია, დედა თამარ კურტანიძე კი – ამავე კოოპერატივის წევრი.
ახალციხის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვასილ სისვაძეს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე, მარინე ასანიძე
2011 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ახალციხის საკრებულოს განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ამბარცუმ ბაბოიანს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მეუღლე ასია ეპრანოსიან-ბაბოიანი 2015 წლიდან შპს „ნატ-ელლა ჯგუფის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია.
ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-ახალციხეს“ თავმჯდომარე
სამველ ოვეიანს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ შვილი არსენ ოვეიანი: 2012 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა; 2010 წლიდან შპს „არ & ჯი-ს“ 50% წილის მფლობელი და დირექტორია; 2014 წლიდან შპს „პროგრესის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორია; 2018 წლიდან შპს „კომპლექსის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია.
მას დეკლარაციაში უწერია, რომ შვილი სოფია ოვეიანი შპს „პრესტიჟის“ დირექტორია, თუმცა არ უთითებს, რომ იგი, 2015 წლიდან, ამავე შპს-ს 100% წილის მფლობელია. სამველ ოვეიანს ახალციხის საკრებულოში თანამდებობა 2020 წლის აგვისტოდან უკავია. მას დეკლარირებული აქვს, რომ 2010 წლიდან შპს „ერსას“ 50% წილის მფლობელი და დირექტორია. ბუნებრივია, 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ოვეიანმა გასული, 2019 წლის ინფორმაცია ასახა, თუმცა, მას კანონის მოთხოვნათა დაცვით („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი) კომპანიაში არც წილი და არც
თანამდებობა, ამ დრომდე, არ დაუთმია.
ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე
არუთუნ აგაბაბიანს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2003 წლიდან ა(ა)იპ „კავშირ სხვილისის“ დირექტორია.
ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები
წინა წლის დეკლარაციების შესწავლით აღმოჩნდა, რომ 5 მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ხუთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები დასაქმდნენ თვითმმართველობებში, ან მას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში.
ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სედა მელკუმიანს საკრებულოში თანამდებობა 2017 წლიდან უკავია. 2018 წლის იანვრიდან მისი მეუღლე, რაფიკ აბაჯიანი ახალქალაქის მერიაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდა.
ასპინძის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ირაკლი ჯვარიძეს თანამდებობა ასპინძის მერიაში 2018 წლიდან უკავია, 2019 წლის სექტემბრიდან მისი მეუღლე, მირანდა გორდულავა ა(ა)იპ „ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ პედაგოგის პოზიციაზე დასაქმდა.
ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე
ვარლამ ხვინგიას ბორჯომის საკრებულოში თანამდებობა 2014 წლიდან უკავია. მისი მეუღლე, თამარ თაგვაძე ა(ა)იპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად 2018 წლის იანვრიდან დასაქმდა.
ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძეს აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის აგვისტოდან უკავია, მანამდე იგი ფერსის თემის რწმუნებული იყო. მისი
მეუღლე 2016 წლის დეკემბრიდან სოფელ ფერსის საბავშვო ბაღის მენეჯერად მუშაობს.
ახალციხის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე ახალციხის თვითმმართველობაში თანამდებობას 2016 წლის ივლისიდან იკავებს. 2018 წლის აპრილიდან დედა, მარინე ნადირაძე ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში“ ექთნად მუშაობს.
“რეკომენდაციები თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები
და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა საკადრო პოლიტიკა წარმართონ სამართლიანად და კანონის დაცვით, რაც გულისხმობს თანამშრომელთა შერჩევას ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით, მოხელის შერჩევის მთავარი
კრიტერიუმი კი უნდა იყოს გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან.”- წერია TI-ის კვლევაში.