ვერ გავჩერდებოდი იქ, სადაც კანონი არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, – მარნეულის მერიის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომელმა, ტამქინ ნაგიევმა, სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
“გარკვეული მიზეზების გამო სამსახურიდან წამოვედი. აზრთა სხვაობა იყო. ზუსტად ვერ ვაკეთებ განმარტებას. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რომ მაგალითად, მერიაში როდესაც შეხვედრები ტარდებოდა ამბობდნენ, რომ ჩვენ რაც გვინდა ის იქნება შეხვედრებზეო. აზრს რომ გამიხატავდი პატივს არავინ სცემდა, არც გისმენდნენ. ამ ადამიანების ვიანობაზე არ მინდა საუბარი”, – ამბობს ნაგიევი.
ტამქინ ნაგიევმა სამსახურის დატოვების შესახებ ფეისბუქ პოსტი 13 აპრილს გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ მარნეულის მერიაში კანონი და წესები არ არსებობს, განათლებასა და ღირსებას არავინ აფასებს და სწორედ ამიტომ ვერ გაჩერდებოდა დაკავებულ თანამდებობაზე.
აღსანიშნავია რომ ტამქინ ნაგიევი მარნეულის მერიაში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.