აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა მიზეზით გაათავისუფლეს ბათუმის ბულვარიდ დირექტორი

513

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული დოკუმენტი არ უნახავს და მისთვის უცნობია რა მიზეზით გაათავისუფლეს ირაკლი ჯინჭარაძე.

„გადაწყვეტილების მიმღები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრია და რას ეფუძნება გადაწყვეტილება, მას უნდა ჰკითხოთ. თუ თქვენ გაინტერესებთ, კონკრეტული გადაწყვეტილების დასაბუთება რამდენად სწორად არის გათავისუფლებული, რამდენად დამაჯერებელია ეს გადაწყვეტილება, მინდა გითხრათ, რომ გათავისუფლება ხდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად შეიცავს დასაბუთებას, როგორც ფაქტობრივ ნაწილს, ანუ რა ფაქტებზე დაყრდნობით ხდება გათავისუფლება. ეს ინდივიდუალური აქტი პირადად ნანახი არ მაქვს, დიდი ალბათობით არც თქვენ და გადაწყვეტილების მიმღები პირის პასუხი არ მოგვისმენია და ახლა ჩვენ საკითხს ბოლოდან ვიკვლევთ. ჯაბა ფუტკარაძეს ვკითხოთ, რა იყო სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობა და ამის შემდეგ შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება”, -განაცხადა დავით გაბაიძემ.

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაციას ადასტურებს ირაკლი ჯინჭარაძეც. მისი თქმით, ხელისუფლებამ მასზე შური იძია.

ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, ბათუმის ბულვარში უკანონოდ ტერიტორიების გასხვისება არ უნდა ხდებოდეს.