აჭარის ეკონომიკის მინისტრი: ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა

657

წინა სტატია

ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განმარტება აჭარის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

„დასკვნიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. მან ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით.

აუდიტის დასკვნის საფუძველზე აღძრულია საქმე, დარღვევებს შესაბამისი ორგანოები იკვლევენ. დასკვნა ეხება 2019 წლის საქმიანობას. პროცედურულად აუდიტი წინა წლის საქმიანობას შეისწავლის მომდევნო წელს. ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ 2020 წლის ბოლოს. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით კი, საქმის ძიებადაიწყო მიმდინარე წელს. შესაბამისად, საზოგადოებამ განსაზღვროს საკრებულოში გაკეთებული განცხადებები დროში დაემთხვა თუ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი“, – განაცხადა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა.

ჯაბა ფუტკარაძემ სისხლის სამართლის დანაშაულზეც გააკეთა აქცენტი. ასევე თქვა, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმას საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლება საკრებულოში მის გამოსვლას უკავშირდება. ჯინჭარაძის თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად აჭარის მთავრობაში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დარღვევებს ასახელებენ, რაზეც ის ამბობს, რომ ადგილი მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა. ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საფუძველი, რის გამოც ის თანამდებობიდან მოხსნეს.

“რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ. ქალაქს სჭირდება გადარჩენა. არც ოპოზიციაში ვაპირებ წასვლას და არც პოლიტიკაში”, — განაცხადა ჯინჭარაძემ.

ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ 30 მარტს განაცხადა, რომ წინააღმდეგია ზღვის სანაპირო კერძო საკუთრებაში გადავიდეს. მისი თქმით, ბულვარის არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ასევე, ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა.