ბათუმის ბულვარის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

376

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სახალხო დამცველი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლა დაიწყო.

“სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო”, — წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.

ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლება საკრებულოში მის გამოსვლას უკავშირდება. ჯინჭარაძის თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად აჭარის მთავრობაში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დარღვევებს ასახელებენ, რაზეც ის ამბობს, რომ ადგილი მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა. ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საფუძველი, რის გამოც ის თანამდებობიდან მოხსნეს.

“რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ. ქალაქს სჭირდება გადარჩენა. არც ოპოზიციაში ვაპირებ წასვლას და არც პოლიტიკაში”, — განაცხადა ჯინჭარაძემ.

ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ 30 მარტს განაცხადა, რომ წინააღმდეგია ზღვის სანაპირო კერძო საკუთრებაში გადავიდეს. მისი თქმით, ბულვარის არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი აწესრიგებს მშენებლობებს და ეს დოკუმენტი იქნება ყველასთვის, “დახვეწილი და მოქნილი”.

“მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების გადაცემის კერძო საკუთრებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე არც ერთმა მოგვიტანა შედეგი. ცუდი [შედეგი მოგვიტანა]. ვხედავთ რომ შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე აუზია შემოღობილი, უნდა ალიანსს ასევე პლაჟი მერიოტისათვის და უნდა სხვადასხვა კომპანიას.

ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია. ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის”, — ამბობს ჯინჭარაძე.

ბათუმის საკრებულოში ბათუმი თაუერისთვის ზღვის პირას 3 380მ2 მიწის ნაკვეთის 15 წლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას განიხილავენ. აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურდათ მოქალაქეებს, რომლებიც ღია სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. თუმცა თავდაპირვლად მათ ამის საშუალება არ მისცეს, რაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სამი მოქალაქე დარბაზში შეუშვეს. მათ ბულვარის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს. ამჟამად კვლავ შესვენებაა გამოცხადებული.