„მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

246

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, მიიღო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი, პლენარულ სხდომაზე, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა. დავით გაბაიძემ, მცირედი განმარტების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრებს, წამყვან კომიტეტსა და აპარატის თანამშრომლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„საკანონმდებლო პაკეტი მაჭახელას ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი მიღებით, საქართველოს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უახლოეს მომავალში ისტორიული ხეობისა და მისი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან: საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP),“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.