ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაციას ადასტურებს ირაკლი ჯინჭარაძეც. მისი თქმით, ხელისუფლებამ მასზე შური იძია.
ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია.
„თანამდებობიდან გათავისუფლება, რა თქმა უნდა კავშირში არის ჩემს განცხადებასთან, რომელიც „ლემერიდიანთან“ დაკავშირებით გავაკეთე. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი. მე სამსახურს ვნახავ, არ გამიჭირდება. მედიასაშუალებით გავიგე, რომ გამიშვეს სამსახურიდან. არაფერი დამიშავებია და არაფერი მომიპარავს. თითქოს რაღაც შეცდომა ნახეს და რაღაცას იგონებენ. ყველაფერს საზოგადოება ნახავს. მათ დამსაჯეს, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სამსახურის ლიკვიდაცია ვერ მოახდინეს და ეს ფორმა გამოიყენეს. გათავისუფლების შესახებ განცხადება არ ჩამბარებია. ხვალ დამატებით კომენტარს გავაკეთებ ახლა ეიფორიაში ვარ”, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
ცნობისთვის, 30 მარტს ბათუმის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. უმრავლესობის წევრებს ბათუმის ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე დაუპირისპირდა. მან სიტყვით გამოსვლა ითხოვა და განაცხადა, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასტუმროსთვის პლაჟის ნაწილის 15 წლით იჯარით გადაცემა არ უნდა მოხდეს. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დანაშაული იქნება.