ანტისანიტარია და ღირსების შემლახავი პირობები — ომბუდსმენი სიღნაღის ხანდაზმულთა სახლში დარღვევებზე საუბრობს

486

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ა(ა)იპ “ხანდაზმულთა სავანე ბეთელს” 17 ივნისს ეწვია, რის შემდეგადაც მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში მძიმე ანტისანიტარიაა და ბენეფიციარების ჰიგიენას ყურადღება არ ექცევა.

რატომ არის მნიშვნელოვანიხანდაზმულთა სავანე ბეთელში 21 ხანდაზმულია, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს.

  • სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, ასევე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.
  • დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან — მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას, ყურადღება არ ექცევა ჰიგიენას, უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია.

  • დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას.
  • ბენეფიციარებს არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.

ასევე, ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. ომბუდსმენის განცხადებით, არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

  • მათივე ცნობით, დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას.
  • დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ.
  • ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები.

ღირსების შემლახავი გარემო: ომბუდსმენი აცხადებს, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც იზრუნვებდა კაცი ბენეფიციარებზე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება.

  • “ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო”, — უთხრა აპარატის წარმომადგენელს ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
  • სახალხო დამცველის შეფასებით, იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით.

ბენეფიციარები: აპარატში აღნიშნავენ, რომ შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა.

  • ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს.
  • მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.

ომბუდსმენი მიმართავს ჯანდაცვის მინისტრსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე

  • მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.