რიჟვაძე: დასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე

394

დასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარს მისი არსებობის ისტორიაში გენერალური გეგმა პირველად ექნება.

“უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი საუკუნოვან ბაღს თავისი არსებობის მანძილზე პირველად ექნება. დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, სარეკრეაციო, თემატური სივრცეების, სანაპირო ზოლის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწესრიგებას”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

“მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზეა, საკრებულოზე. მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, კონსერვაცია, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში და ეს საქმე უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.