ავტორი: ეკატერინე ბასილაია
12 აპრილს მცხეთაში ამხანაგობა “აქოლისის” მიერ წარმოდგენილი ქალაქ მცხეთის განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვა უნდა გაიმართოს. წლებია, გენგეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში ქალაქში მორატორიუმი მოქმედებს, რის გამოც გაჩერებულია ქალაქი, ეს კი ადგილობრივებში დიდ პროტესტს იწვევს. მცხეთის მერი ამბობს, რომ ეს არ არის ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმა, ეს უფრო სამომავლო ბიზნესგეგმაა და, თუ კონცეფციაში არაფერი შეიცვლება, საკრებულო გენგეგმას არ დაამტკიცებს.
“მე, როგორც ერთი რიგითი მცხეთელი, ისე ვლაპარაკობ – მცხეთის გენგეგმა ვერ იქნება მიღებული, თუ ამ კონცეფციაში და მცხეთის განვითარების გენგეგმაში არ იქნება ხალხის ინტერესები გათვალისწინებული და დაცული. არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ უნდა გვეძლეოდეს ყველაფრის უფლება. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობა უნდა დავიცვათ, გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას გადავცეთ ასევე მოსაფრთხილებლად და დასაცავად, მაგრამ მცხეთის განვითარებას ხელს გენგეგმა უშლიდეს, ვერ დავუშვებთ”, – ამხანაგობა “აქოლისის” მიერ უკვე წარმოდგენილი მცხეთის განვითარების კონცეფციის შესახებ, მის ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე droa.ge-სთან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე საუბრობს.
– სანამ უშუალოდ გენგეგმაზე გადავალთ, მორატორიუმის გამო შექმნილ პრობლემაზე შეგეკითხებით. რა პრობლემები შექმნა მორატორიუმმა ქალაქში? რა ვერ კეთდება მორატორიუმის გამო მცხეთაში?
– მცხეთას, უკვე მეექვსე წელია, მორატორიუმის რეჟიმი ადევს და აქედან გამომდინარე, დიდი პრობლემაა, რადგან ქალაქში ვერ სრულდება ვერანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი, ისეთი, როგორიც ქალაქის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ქალაქის ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარებისთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და ქალაქს ამის პოტენციალი ძალიან დიდი გააჩნია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მორატორიუმის მკაცრი რეჟიმი არსებობს, ყველა სახის მშენებლობაზე აკრძალვაა და გაჩერებულია მშენებლობაც, გაჩერებულია ქალაქიც და ეს ყველაფერი მოსახლეობის ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. 6 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ რამეზე ჩამოყალიბებას, რომ მოსახლეობა არ იყოს გაურკვეველ მდგომარეობაში. პასუხი არ გვაქვს არაფერზე, იმაზე, თუ რატომ ვერ ვაძლევთ მშენებლობის უფლებას, ან სად ვაძლევთ საერთოდ უფლებას, ან მომავალში სად შეიძლება მიეცეთ დაშენებისა და განვითარების უფლება და სად არ შეიძლება მიეცეთ… ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვართ და ველოდებით გენგეგმას.
– მოსახლეობა აცხადებდა, რომ სახურავებსაც ვერ ვცვლით და ეს პრობლემებს ქმნისო. ბოლო დროს ეს მკაცრი მიდგომა შერბილდა, არა?!
– რა თქმა უნდა, მცხეთაში ყველანაირი სახის მშენებლობის უფლების მიცემა არ შეიძლება, მაგრამ საერთოდ არაფერი შენდებოდეს და სახლებს რეკონსტრუქცია არ უკეთდებოდეს, ეს სრულიად მიუღებელია. ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რა სახის მშენებლობის თუ რეკონსტრუქციის უფლებას მივცემთ ადამიანებს. ზოგიერთი სახლი დემონტაჟს საჭიროებს და დღეს გვაქვს იმის უფლება, რომ, თუ სახლი ავარიულია და ექსპერტიზის დასკვნაა დადებული, რომ მისი დემონტაჟი აუცილებელია, უკვე შესაძლებელია, იგივე ზომებში ახლის მშენებლობის უფლება მივცეთ. თუმცა, არის სხვა პრობლემაც. იბადებიან შვილები, მრავლდება ოჯახი და თავიანთ კუთვნილ ეზოშივე ერთი ოთახი მაინც რომ მიამატონ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვაკეთებთ და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს.
– უშუალოდ გენგეგმის კონცეფციის ირგვლივ არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე გადავიდეთ. მათ შორის, ვინც კონცეფციას აკრიტიკებს, ხართ თქვენც. თქვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დოკუმენტი არ ასახავს მცხეთელების ინტერესებს და კერძო ინტერესი იკვეთება. კონკრეტულად, რა არის მიუღებელი ამ კონცეფციაში? რა პრობლემებს შექმნის, თუ გენგეგმა ამ ფორმით დამტკიცდება? რა არის დოკუმენტის ძირითადი სადავო საკითხები?
– უკვე დაახლოებით 5 შეხვედრა მოაწყო ამხანაგობა “აქოლისმა”, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მზია გიორგობიანი ესწრებოდა თითოეულ შეხვედრას. შეხვედრები იყო მოსახლეობასთან, ახალგაზრდებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე, იყვნენ სასტუმროების მეპატრონეები, გარემოვაჭრეები. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ადამიანებს ერთი და იგივე კითხვები, პრეტენზიები და მოსაზრებები ჰქონდათ.
ყველა ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ წარმოდგენილი კონცეფცია გაურკვევლობაში მყოფი მოსახლეობისთვის ვერანაირად ვერ იქნება მისაღები და ამას ტაშს არავინ დაუკრავს. პრეტენზიაა იქიდან გამომდინარე, რომ კონცეფციაში შემუშავებული არის კარიბჭეების განვითარება, ანუ პერიფერიების განვითარება და არა მთლიანად ქალაქის განვითარება. კონცეფციაში ლაპარაკი არ არის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე. არსად არ ჩანს, რომ მოსახლეობის ინტერესები არის დაცული და გათვალისწინებული.
ლაპარაკია 4 კარიბჭეზე, რომელიც არის პერიფერიებში, ანუ მცხეთის შემოსასვლელში. ეს კარიბჭეებია: აღმოსავლეთის მიმართულება – ჯაჭვის კარიბჭე – სვეტიცხოველი-სანათლავი – მცხეთის ჯვარი; სამხრეთის მიმართულება – კარსანის კარიბჭე – ფარნავაზის მოედანი-ბაგინეთი-კარსანი; დასავლეთის მიმართულება – კოდმანის კარიბჭე – კოდმანი – შიო-მღვიმე და ჩრდილოეთით ნატახტრის კარიბჭე – ბებრისციხე-თეატრონი-წიწამური;
იმ დროს, როცა 6 წლის განმავლობაში ქალაქს ადევს მკაცრი მორატორიუმის რეჟიმი, ვლაპარაკობთ მხოლოდ პერიფერიების განვითარებაზე. ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის სრულიად მიუღებელია. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ითქვა ეს და 12 აპრილსაც, როცა დაგეგმილია საჯარო განხილვა, ისევ დადგება იგივე კითხვები, იგივე მოსაზრებები, იგივე პრეტენზიები. თუ „აქოლისმა“ ამდენი ხნის განმავლობაში წარმოდგენილი ჩვენი პრეტენზიებიდან რაიმე გაითვალისწინა და სხვა სახით წარმოადგენს თავის კონცეფციას, ამას უკვე 12 აპრილის შეხვედრა გვიჩვენებს.
– კარიბჭეების განვითარება რას გულისხმობს და რა არის მიუღებელი მოსახლეობისთვის?
– საუბარია იმაზე, რომ ტურისტული ნაკადის შეჩერება უნდა მოხდეს ამ კარიბჭეებთან, იქ უნდა აშენდეს სასტუმროებიც… ჩემი მოსაზრებაა და ამას ყველგან ვიტყვი, რომ ჩვენ ჯერ ქალაქის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ის კულტურული მემკვიდრეობა და სიწმინდეები, რაც მცხეთას გააჩნია, უმაღლეს დონეზე უნდა დავიცვათ და მცხეთელებს იმის პრეტენზიაც გაგვაჩნია, რომ ჩვენზე უკეთესად ამას ვერავინ დაიცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პერიფერიების განვითარება უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ ვიზიტორი არა 2-3 საათით დავტოვოთ მცხეთაში, არამედ 2-3 დღით და ჩვენ მას უნდა შევთავაზოთ, როგორც სიძველე, ასევე, სიახლე. ქალაქის ცენტრში გვაქვს თეატრონის ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია, სადაც შეიძლება ისე მოეწყოს ინფრასტრუქტურა, რომ ტურისტს, რომელიც ჩვენი სიძველეებისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერებას მორჩება, აქ დასვენებაც შევთავაზოთ. დასათვალიერებელი ადგილები გვაქვს ძალიან ბევრი, იგივე ფარნავაზის მოედანი. ფარნავაზის მოედანი და თეატრონის ტერიტორია არის აუცილებლად გამოსაყენებელი, როგორც “სავესტიბიულო სივრცე”.
– თეატრონის ტერიტორიის განვითარებაზე არ არის საუბარი “აქოლისის” კონცეფციაში?
– არის, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბით. სიმართლე გითხრათ, ესეც ჩვენი მოსაზრება იყო და შემდეგ ჩაიდო. პირადად მე და დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რაც წარვუდგინეთ, რაღაც პატარა აბზაცად ჩაიდო თეატრონის განვითარება, მაგრამ უფრო ვრცლად და უფრო დეტალურად განხილულია პერიფერიების განვითარება.
– რა ინტერესია, რას უკავშირებთ იმას, რომ მხოლოდ პერიფერიების განვითარებაზეა საუბარი?
– არ ვიცი, რას დავუკავშირო. მთავარია ის, რომ, პირველ რიგში, ქალაქი უნდა განვითარდეს და, თუ იმდენი ვიზიტორი და მომლოცველი იქნება, რომ ქალაქი ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ უნდა ვიზრუნოთ ქალაქის პერიფერიების განვითარებაზეც. ქალაქში ჩვენ უკვე გვაქვს ბევრი გესთჰაუსი, სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები და ჩვენ თუ ამ ხალხს არ მივეცით განვითარების საშუალება, გამოდის, რომ ჩვენ ტურისტს შემოვიყვანთ, დავათვალიერებინებთ სვეტიცხოველს, დედათა მონასტერს, ავიყვანთ ჯვარზე და მერე უნდა გავიყვანოთ ტურისტი ქალაქიდან.
ამით ქალაქის მოსახლეობას რა სარგებელი ექნება? არაფერი. როგორც გვეუბნებიან, ვისაც დღეს ქალაქში სასტუმროები აქვს, უნდა გავიდნენ მცხეთის პერიფერიებში და სასტუმროების მეპატრონეები ვიღაცის მოსამსახურეებად უნდა გადაიქცნენ, რომ ამ ხალხს თავისი შემოსავლის წყარო არ შეუწყდეს.
– როგორც ჩანს, ამ კონცეფციის მიხედვით, მცხეთის ცენტრში არ უნდა იყოს რაიმე თანამედროვე ან გასართობი სივრცე და მხოლოდ სიძველე უნდა დარჩეს მცხეთის სავიზიტო ბარათად?
– ჯერჯერობით, წარმოდგენილი კონცეფცია ამაზე მეტყველებს. ეს არ არის კონცეფცია, ეს არ არის მცხეთის განვითარება, ჩემი აზრით, რაც უკვე დავაფიქსირე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს წარმოადგენს რაღაც სამომავლო ბიზნესგეგმას. ხალხს კითხვა უჩნდება, კონცეფციაში წარმოდგენილი კარიბჭეების განვითარებაზე ვინ უნდა იზრუნოს მომავალში – სახელმწიფომ, თუ ვინმე ინვესტორმა? რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს, ამაზე უნდა იზრუნოს ისევ კერძო პირმა, მოძიებულმა ინვესტორმა და სწორედ აქ ჩნდება აზრი, რომ ეს კონცეფცია არის ინვესტორის ბიზნესგეგმა. მცხეთაში, ქალაქი თუ არ განვითარდა და განვითარდა მხოლოდ პერიფერია, ესე იგი ტურისტი ქალაქიდან უნდა გავიყვანოთ და მცხეთაში არსებული გესთჰაუსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები და იქ დასაქმებულები უნდა დარჩნენ ისევ უმუშევრად?! ანუ, ის სარგებელი, რომელიც აქამდე გააჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას, უნდა მოვუსპოთ.
– არსებული სასტუმროები და გესთჰაუსები რატომ ვერ იმუშავებს?
– ფაქტობრივად, იძულება მოხდება. კონცეფციით, საპარკინგე ადგილები კეთდება კარიბჭეებთან და მცხეთაში მანქანით შემოსვლა აიკრძალება.
– სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა როგორ უნდა განვითარდეს კონცეფციის მიხედვით?
– ტურისტი იქნება თუ მომლოცველი, მანქანას გააჩერებს ამ კარიბჭეებში. მათ, ალბათ, მოემსახურებათ ელექტროტრანსპორტი. ამავე ტრანსპორტით მოხდება მათი გადაადგილება იქ, სადაც მათი საპარკინგე სივრცეებია. ამიტომ ვიზიტორი იფიქრებს ისევ უკან გასვლას. გარდა ამისა, იქმნება პირობები, რომ მცხეთაში კი არ ივაჭროს, არამედ გავიდეს პერიფერიებში, იქ სადაც მოწესრიგდა სავაჭრო სივრცე, სადაც სასტუმრო იპოვა. პერიფერიებში ექნება საშუალება, იკვებოს კიდეც, შეიძინოს სუვენირი და რატომ დარჩება ის ქალაქში, თუ ქალაქი არ შესთავაზებს იმ პირობებს, რომ დაისვენოს?!
ზუსტად ამის წინააღმდეგი ვარ. პირველ რიგში, ჩვენ გვაინტერესებს ზონირება, რომ ეს ქალაქი და მოსახლეობა არ იყოს გაურკვეველ მდგომარეობაში. საბჭო, რომელიც ძეგლთა დაცვის მიერაა წარმოდგენილი, უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული უნდა იყოს იმაზე, სად გვეკრძალება და სად გვაქვს მშენებლობის უფლება. საბჭო ახლა უნდა ფიქრობდეს იმაზე, რა ტიპის მშენებლობის უფლება უნდა მისცეს კერძო პირს და არა ის, რომ მისცეს თუ არა ნებართვა.
ასე რომ, უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული უნდა იყოს ზონირება: სად არქეოლოგიაა, სად რეკრეაციაა, სად ისტორიული ლანდშაფტია და ხელის ხლება არ შეიძლება და დღეს ამაზე კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს. ახლა საზრუნავი უნდა იყოს ის, თუ რა ტიპის მშენებლობის უფლება უნდა მივცეთ, აგურით უნდა აშენდეს თუ ბლოკით, სახურავი რა ფერის უნდა იყოს და რა ფერის არ შეიძლება, იყოს და ა.შ. რომ ჩვენ არ დავარღვიოთ მცხეთის იერსახე. ყველაფრის მშენებლობის უფლებას ვერ მივცემთ, მაგრამ არ შენდებოდეს და არ ვითარდებოდეს ქალაქი, რომელსაც ტურიზმის მიმართულებით ეკონომიკური ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, არ შეიძლება.
– რაც შეეხება დასვენებისა და რეკრეაციულ სივრცეებს, სად და როგორ უნდა მოეწყოს, ეს დოკუმენტში როგორ არის და ამ მხრივ რა შენიშვნები გაქვთ? ქალაქის ცენტრში თეატრონის ტერიტორიაზე რაიმე ახლის გაკეთება დევს კონცეფციაში?
– თეატრონის ტერიტორია დაახლოებით 40 ჰექტარს მოიცავს, რომელიც დღეს სრულიად გამოუყენებელია. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა შეიძლება, ასევე, შეიძლება პატარა, დაბალი 1-2-სართულიანი გეთჰაუზებისა და კვების ობიექტების მოწყობა. აქ, პირველ რიგში, უნდა განვითარდეს და აღორძინდეს ამფითეატრი, რაც აქამდე ქალაქს გააჩნდა და დღეს გაპარტახებულია. უნდა მოეწყოს სხვადასხვა სახის მუზეუმი: პოლიფონიის, ქართული ჭიდაობის, ქართული კერამიკის, ღვინის… უნდა მოეწყოს დასასვენებელი ადგილები, ატრაქციონები.
– ეს ჩადებულია კონცეფციაში?
– ეს ჩადებულია ისე მცირედ, რომ როგორ უნდა მოხდეს, არანაირი განმარტება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. კონცეფციაში ყველაზე მეტად განიხილება შემოსასვლელი კარიბჭეები.
– ითვალისწინებს თუ არა ახალი ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შექმნას ეს კონცეფცია, თუ მხოლოდ დღეს არსებულის ირგვლივ ტრიალებს?
– არანაირი მარშრუტები, გარდა პერიფერიებისა, არ არსებობს. ამ დროს, ჩვენ, თეატრონის გარდა, წარმოდგენილი გვქონდა ფარნავაზის მოედნის „სავესტიბიულო ზონად“ გადაქცევის იდეაც, სადაც ტურისტულად სამი ხიდის ერთგვარი დაკავშირება მოხდება და დასასვენებელი და გასართობი ადგილებიც მოეწყობა. ერთი არის ასწლოვანი ხიდი, რომელიც საფეხმავლოდ უნდა დავტოვოთ. მის გვერდით მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე ფართო ხიდის მშენებლობა. ამ ორი ხიდის გვერდით კი არსებობს ყველაზე ძველი და დიდი ისტორიის მატარებელი პომპეუსის ხიდი, რომელიც დღესდღეობით წყლის ქვეშაა. ამ ხიდის წარმოჩენა და კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ ადგილის გაჩენა შეიძლება. ჩემი აზრით, პომპეუსის ხიდი უნდა მოექცეს კოლბის მსგავს რამეში, რომ ხალხმა ამ ხიდს გარშემო შემოუაროს და ნახოს ეს უძველესი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე აშენებული ხიდი. ამ ხიდს ბევრი მნახველი ეყოლება.
– კონცეფციაში დევს ეს დეტალი?
– არა, არაფერი მსგავსი. ჩემი და ბატონი დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზება იყო, მაგრამ ეს ჩვენი შეთავაზება მოხსენიებულია, როგორც მოწონებული, თუმცა, როგორ უნდა განვითარდეს, კონცეფციაში არაფერი წერია.
– როგორც ცნობილია, გენგეგმის კონცეფცია მცხეთის თბილისის აგლომერაციის სისტემაში გაერთიანებას განიხილავს. რას აძლევს ქალაქ მცხეთას ამ აგლომერაციაში გაერთიანება, რა დატვირთვა აქვს ამ იდეას და როგორ უნდა განხორციელდეს ის?
– როგორც თვითონ ხსნიან, ამ ყველაფერში ითვალისწინებენ იმას, რომ კანალიზაციის სისტემა უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ ის, რომ ახლა თბილისი, რუსთავი, გარდაბანი და მცხეთა ასე ერთი მიმართულებით უნდა განვავითაროთ, მე სწორად არ მიმაჩნია. ჩვენი აზრით, მცხეთა ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს დედაქალაქი თბილისში გადავიდა და ეს იმიტომ მოხდა, რომ მცხეთა, როგორც წმინდა ქალაქი, ხელშეუხებელი ყოფილიყო..
– ანუ, თქვენთვის ეს მისაღები არ არის. რაიმე საფრთხეს ხედავთ ამაში?
– ის საფრთხე, რაც კარიბჭეების განვითარებაშია, რა თქმა უნდა. აგლომერაციაში ამხელა დონის საფრთხეებს ვერ ვხედავ, მაგრამ ცალკე შეიძლება ქალაქის განვითარება და საკანალიზაციო სისტემის ცალკე მოწყობა. საჭირო არ არის თბილისი, გარდაბანი, რუსთავი და მცხეთა ერთ აგლომერაციაში მოვიხსენიოთ.
– ბუნებრივია, მცხეთა არ არის ტიპური ქალაქი და ის იუნესკოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. თუ არის გენგეგმის კონცეფციაში იუნესკოს რეკომენდაციები გათვალისწინებული? გაქვთ თუ არა ამ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია და რას ფიქრობენ უკვე მომზადებულ კონცეფციაზე?
-“აქოლისს” კონცეფციაზე ბევრი აქვს ნამუშევარი, მაგრამ ეს არ არის სწორი მიმართულებით ნამუშევარი. იუნესკოს რეკომენდაციები ძალიან ბევრ ასპექტში არ არის დაცული და გათვალისწინებული, ამას ვხედავთ. ფაქტია, რომ კარიბჭეების განვითარება იუნესკოს რეკომენდაცია არ არის. კონცეფციაში, ასევე, საუბარია ჯაჭვის ხიდზე, რომელიც არაგვის მიმართულებით უნდა იყოს და იქიდან უნდა მოხდეს ხალხის ნაკადის შემოდინება. ეს ხიდი მიუღებელია იუნესკოსთვის. არის კიდევ ბევრი რამ, რაც იუნესკოს რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.
– “აქოლისსა” და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობა ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა. კეთდება განცხადებები, რომ შემოთავაზებული კონცეფცია ამკრძალავ დოკუმენტს ჰგავს. გენგეგმის ამ ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, რას მიიღებს ერთი მხრივ, ქალაქის მოსახლეობა და მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტს რა შემოსავალი უჩნდება?
– არა, მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ მიიღებს მეტ შემოსავალს ბიუჯეტში, ის შემოსავალს მიიღებს, როცა განვითარდება თეატრონის ტერიტორია და ფარნავაზის მოედანი.
მე, როგორც ერთი რიგითი მცხეთელი, ისე ვლაპარაკობ და გენგეგმა ვერ იქნება მიღებული, თუ ამ კონცეფციაში და მცხეთის განვითარების გენგეგმაში არ იქნება ხალხის ინტერესები გათვალისწინებული და დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვგულისხმობ, რომ ჩვენ უნდა გვეძლეოდეს ყველაფრის უფლება. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობა უნდა დავიცვათ, გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას გადავცეთ ასევე მოსაფრთხილებლად და დასაცავად, მაგრამ მცხეთის განვითარებას გენგეგმა უშლიდეს ხელს, ვერ დავუშვებთ.
– ცოტა ხნის წინ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ “ამხანაგობა აქოლისი”, სხვადასხვა შემადგენლობით, ერთი და იგივე ლობიზმით და ერთი და იგივე ინტერესებით, რამდენიმე წელია, ცდილობს, ქალაქსა და მის ტურისტულ მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს; რომ “აქოლისს” გავლენიანი ლობისტები ჰყავს და ამიტომაც ვერ ხერხდება მისი სხვა კომპანიით ჩანაცვლება. როგორც ცნობილია, კონცეფციის შემუშავებაში საპატრიარქოც არის ჩართული და “აქოლისის” ლობისტადაც სწორედ საპატრიარქო, კონკრეტულად კი, ალავერდელი მიტროპოლიტი მიიჩნევა. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ და თუ ეს მართლაც ასეა, კონკრეტულად რა პრობლემებს ქმნის გენგეგმის კონცეფციის შემუშავების პროცესში?
– მედიაში ითქვა, რომ ვითომ მე ხელი დავადე მეუფე ალავერდელს. ეს ასე არ ყოფილა. თუ მყარი საფუძველი არ მაქვს, ვიღაცას ხელს ვერ დავადებ. მეუფე ალავერდელი თვითონ არ მალავს იმას, რომ აქვს კავშირი და ამ კონცეფციის შემუშავებისას საპატრიარქო და თვითონ მეუფე იყო ჩართული. ასე პირდაპირ თქმა, რომ ლობისტი მეუფე ალავერდელია, არ გამოვა, მაგრამ ის, რომ დღეს წარმოდგენილი კონცეფცია არის არა მცხეთის განვითარების გენგეგმა, არამედ – სამომავლო ბიზნესგეგმა, ამას დოკუმენტიც ამტკიცებს. კიდევ ვიმეორებ, კარიბჭეების განვითარება თანხებთანაა დაკავშირებული და უნდა მოიძებნოს ინვესტორი. შეიძლება ეს ინვესტორი უკვე მოძებნილიც ჰყავთ. ამიტომაც ბადებს ეჭვს, რატომ არა ქალაქის განვითარება და რატომ – მაინცდამაინც პერიფერიების? განვავითაროთ ქალაქი და, თუ შეიქმნა იმის საჭიროება, რომ ქალაქი ვეღარ იტევს ტურისტებს, მერე ვიზრუნოთ პერიფერიების განვითარებაზე და იმ ადგილების დატვირთვაზე, სადაც შეიძლება ტურისტი გავაჩეროთ.
თვითონ მეუფე არ უარყოფს იმას, რომ ჩართულია გენგეგმის შემუშავების პროცესში და საპატრიარქო უნდა იყოს კიდეც ჩართული და მისი ინტერესებიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ისევე, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის, რომ ერთის ინტერესებს ვითვალისწინებდეთ და მოსახლეობის ინტერესებს არ ვითვალისწინებდეთ, ან უარვყოფდეთ იუნესკოს ინტერესებს, ეს მიუღებელია.
გარდა ამისა, ეჭვი წარმოქმნა იმ გარემოებამაც, რომ ერთხელ შემოგვთავაზეს ერთი სახის ზონირება, მაგრამ მერე, რატომღაც, ერთი სახლი უცებ ამოვარდა არქეოლოგიის ზონიდან და მიეცა განაშენიანების უფლება, ხოლო იმავე ზონაში სხვას ეს უფლება არ მიეცა.
– ანუ, კორუფციული გარიგების ნიშნებიც იკვეთება?
– კორუფციულ გარიგებას იმდენად ვერ დავარქმევ, მიდგომები და რაღაც პრინციპებია… ზუსტად ეს ბადებს ეჭვს და გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ეს არ არის ქალაქის განვითარება და არის წარმოდგენილი ბიზნესგეგმა.
– ბიზნესგეგმას როცა ახსენებთ და პარალელურად, ამბობთ, რომ მიტროპოლიტი აქტიურადაა ჩართული ამ კონცეფციის პროცესში, შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვი, რომ საპატრიარქოს ან მიტროპოლიტს აქვს რამე ბიზნესგეგმა მცხეთასთან დაკავშირებით?
– არა, არა. ასე უსაფუძვლოდ ხელს ვერავისკენ გავიშვერ. უბრალოდ, თვითონ დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმა, ეს უფრო სამომავლო ბიზნესგეგმაა, რომელიც ხალხისთვის მიუღებელია და ამას ჩვენ ტაშს ვერ დავუკრავთ და ვერ მივიღებთ.
– ვისი ბიზნესგეგმა იკვეთება, თქვენ რა ვარაუდი გაქვთ? ვინ დგას ამ კონცეფციის უკან?
– არა, ამაზე დღესდღეობით ლაპარაკი ზედმეტია. ამას მომავალი გვიჩვენებს, თუ ამ სახით ჩამოყალიბდა ეს გეგმა…
– თქვენ თქვით, რომ გათვალისწინებულია საპატრიარქოს სურვილები და ესეც უნდა იყოს, მაგრამ მოსახლეობისაც უნდა იყოს და არ არისო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი კონცეფცია არის ისეთი, როგორიც მოსწონს მხოლოდ საპატრიარქოს?
– აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოსახლეობის ინტერესები არ არის გათვალისწინებული.
– საპატრიარქოს ინიციატივა და სურვილია, რომ მცხეთა „მეორე/ახალი იერუსალიმი“ გახდეს. მსგავსი ჩანაწერია კონცეფციაშიც. ეთანხმებით თქვენ ამ იდეას? რას გულისხმობს ეს? და რა უნდა მოიტანოს ამ სტატუსმა ქალაქს? რას კრძალავს?
– მე ვერასდროს დავეთანხმები იმას, რომ მცხეთა იყოს მეორე. მცხეთა არის პირველი, მცხეთა არის წმინდა ქალაქი, საქართველოს ყოფილი დედაქალაქი და უძველესი, 28- საუკუნოვანი ქალაქი და ვერასოდეს ავიტან, რომ მცხეთა ვინმემ მოიხსენიოს თუნდაც „მეორე იერუსალიმად“. იერუსალიმი არის იერუსალიმი, მცხეთა არის მცხეთა. ჩვენ გვაქვს საკმარისი კულტურული მემკვიდრეობა, სიწმინდეები, რომ მცხეთა იყოს პირველი.
– გენგეგმის შემუშავებაზე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა გამოცხადებული. უწყება კონცეფციას იწონებს და ამ უწყებასთან, როგორც შემკვეთთან, თუ გქონიათ თქვენს განსხვავებულ მოსაზრებებზე საუბარი და რა პასუხი იყო სამინისტროს მხრიდან? ან თუ ყოფილა მათგან მინიშნება, რომ კონცეფცია უნდა მოიწონოთ?
– რა თქმა უნდა, არავითარი „არ იაქტიუროთ, ან – გინდა თუ არა მოიწონეთ“. სამინისტრებთან ურთიერთობა არ გვიჭირს. სამინისტროსაც აინტერესებდა მოსახლეობის მოსაზრებები და ამიტომაც დაიგეგმა შეხვედრები. ჩემი ინიციატივით არ მომხდარა ეს, ვინ დაესწრებოდა, არც ეს კატეგორიები შემირჩევია. მე უბრალოდ ვესწრებოდი. ასევე ქალბატონი მზია გიორგობიანი ესწრებოდა ყველა შეხვედრას და ისმენდა ხალხის შენიშვნებსა და პრეტენზიებს და დარწმუნდა კიდეც იმაში, რომ ეს კონცეფცია ასეთი სახით მიუღებელი იქნება.
“აქოლისისგან” განსხვავებით, მე ყოველდღიური შეხება მაქვს მცხეთის მოსახლეობასთან, მცხეთის მოსახლეობის ნაწილს წარმოვადგენ, მათი გულისტკივილი მესმის და ეს მიმქონდა ყველგან, სადაც იგეგმებოდა მსგავსი შეხვედრები.
– მოსახლეობის პრეტენზიების მოსმენის შემდეგ როგორია სამინისტროს პასუხი?
– მათი პასუხია, რომ ხალხის მოსაზრებები და პრეტენზიები კონცეფციაში გათვალისწინებული იქნება. შეიძლება, ისეთი სახის მოსაზრება და პრეტენზია გვქონდეს მცხეთელებს, რომლის შესრულებაც მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური ახსნა, “აქოლისის” მხრიდან იქნება ეს, თუ – სამინისტროს მხრიდან.
– მთელ ამ პროცესში, რაც გენერალური გეგმა მუშავდება, რა დოზით იყო მუნიციპალიტეტი ჩართული? სანამ ურთიერთობა დაგეძაბებოდათ, როგორი კომუნიკაცია გქონდათ „აქოლისთან“ და ითვალისწინებდა თუ არა კომპანია თქვენ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს?
– “აქოლისთან” ჩვენი მოსაზრება დაფიქსირებული გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ, როცა კონცეფცია წარმოგვიდგინეს, ჩვენი მოსაზრებები ისე არ იყო გათვალისწინებული, როგორც გვინდოდა და გამოვიდა ისე, რომ საბოლოოდ ხალხის ინტერესები დაცული არ აღმოჩნდა.
– 12 აპრილის კონცეფციის საჯარო განხილვა უნდა გაიმართოს. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ დოკუმენტზე შეჯერებას და პოზიციების დაახლოებას? რას უნდა ელოდნენ მცხეთელები ამ შეხვედრიდან?
– 12 აპრილი არ ითვალისწინებს იმას, რომ უნდა გადაწყდეს, მივიღებთ თუ არა ამ კონცეფციას. 12 აპრილს დოკუმენტი საჯაროდ იქნება წარმოდგენილი, როგორც მანამდე ხდებოდა და ხალხს კიდევ ერთხელ მიეცემა უფლება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს. 12 აპრილი გვიჩვენებს, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან “აქოლისმა” რამე თუ გაითვალისწინა. თუ არაფრის გათვალისწინება არ იქნება, ხალხი პრეტენზიებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ამის მერე
“აქოლისს” კიდევ ექნება დრო, რამე შეცვალოს. ვნახოთ. მომავალი გვიჩვენებს.
– თუკი კონცეფციაში მაინცდამაინც არაფერი შეიცვალა, რა ბერკეტი აქვს მუნიციპალიტეტს, რომ არ დაამტკიცოს ეს გენგეგმა? საკრებულოში უმრავლესობის განწყობა როგორია?
– საკრებულოს წევრები ადგილობრივები არიან. პირველი შეხვედრა ზუსტად საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოხდა. ხუთივე შეხვედრა იყო საკრებულოს წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და თითოეულ ამ შეხვედრაზე დასმული კითხვები და მოსაზრებები ერთმანეთის იდენტური იყო.
ასე რომ, საკრებულოსაც იგივე მოსაზრება გააჩნია, რაც ხალხს, რაც მეპატრონეებს და ყველას. თუ ეს ტყუილი ლაპარაკი გამოვიდა და ტყუილი შეხვედრები გამოგვივიდა და ისევ შემოგვთავაზეს კონცეფცია, სადაც არ იქნება ხალხის ინტერესები გათვალისწინებული, ჩემი აზრით, ამას საკრებულო არ დაუშვებს.
– თუ კი ხელისუფლების მხრიდან იქნება დავალება?
– არა, ამასთან დაკავშირებით მე არანაირი ეჭვის საფუძველი არ გამაჩნია, იმიტომ, რომ თვითონ ხელისუფლება იყო დაინტერესებული, შეხვედრებზე მზია გიორგობიანი ისმენდა მოსაზრებებს და ხალხის ინტერესებს, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ისე მთლიანად ხელისუფლება. ეს არ არის მუნიციპალიტეტის მოსაზრება, ეს არის ხალხის მოსაზრება. ეს არ არის მარტო გიორგი კაპანაძის და დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრება, ეს არის მცხეთელების მოსაზრება.