ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დიმიტრი ზურაბიშვილი “ქართული ოცნებიდან” მცხეთის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე ის ჯერ შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ – პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ქონებრივი დეკლარაციაც, 2013 წლიდან, ყოველ წელს, ჯამში 9-ჯერ აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2021 წლის დეკემბრის ბოლოს შეუვსია, მცხეთის მერად არჩევიდან მალევე.
ცხრავე დეკლარაციაში წერია, რომ მცხეთის მერი დაბადებულია თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. თუმცა, მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ის დაბადებულია მცხეთაში.
მცხეთის მერის სახელზე გაფორმებულია ერთი უძრავი ქონება. მას 2011 წელს 30 000 აშშ დოლარად უყიდია 55 კვ.მ ბინა თბილისში, დიღმის მასივში. მოძრავი ქონება არ აქვს. ავტომანქანა ჰყავს მეუღლეს. სოფიო ზურაბიშვილს 2019 წელს 12 000 ლარად უყიდია 2005 წელს გამოშვებული LEXSUS GX 470. საგულისხმოა, რომ მეუღლის მიერ 2019 წელს ნაყიდი ეს ავტომანქანა 2020 წლის დეკლარაციაში ჩაწერილი არ არის და პირველად ამ ბოლო დეკლარაციაში ჩნდება.
დეკლარაციის მიხედვით, მცხეთის მერი და მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან; არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს; არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.
დეკლარაციის შევსების დღეს დიმიტრი ზურაბიშვილს “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 6 521,06 ლარი ჰქონდა, ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 1 031,08 ლარი. ხოლო მეუღლეს “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 1 462,63 ლარი ედო.
მცხეთის მერს 2011 წელს 30 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აუღია “საქართველოს ბანკიდან”, რომელიც 2021 წელს უნდა დაეფარა და ამ წელს დაუფარავს კიდეც.
დიმიტრი ზურაბიშვილი მერად არჩევამდე სპეციალური პენიტენციური სამსახური მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და 2020 წლის განმავლობაში ამ პოსტიდან 36 496,08 ლარის შემოსავალი მიუღია.
მეუღლე, სოფიო ზურაბიშვილი, მცხეთის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიის მენეჯერია და მას 2020 წლის განმავლობაში 16 239,21 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
მცხეთის მერს პირველი დეკლარაცია შევსებული აქვს 2013 წელს, როცა შს სამინისტროს მცხეთა–მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ და დეტექტივების სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამ დროს ზურაბიშვილი ერთ უძრავ ქონებას ფლობდა – 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში. საგულისხმოა, რომ თბილისში ბინა ზურაბიშვილს 2011 წელს აქვს ნაყიდი, თუმცა, ამ ბინის შესახებ ინფორმაცია 2013-2016 წლების დეკლარაციებში ნახსენები არ არის და რატომღაც, მხოლოდ 2017 წლის დეკლარაციიდან ჩნდება.
მცხეთის მერი არცერთი დეკლარაციით არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. რაც შეეხება შემოსავლებს, მას მხოლოდ სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან მიღებული ხელფასი აქვს.
2012 წელს დიმიტრი ზურაბიშვილს ჯერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების დეპარტამენტის ქსნის მე-15 დაწესებულების დირექტორად უმუშავია, სადაც 10 983 ლარის ხელფასი მიუღია. ხოლო შემდეგ შს სამინისტროში გადასულა. 2012 წელს შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსობიდან – 9 263 ლარის ხელფასი მიუღია; ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეობიდან მიუღია 17 569 ლარის ხელფასი;
2013-2015 წლებში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო: 2013 წელს – 38 485 ლარი, 2014 წელს – 45 341 ლარი, 2015 წელს – 45 216 ლარი, 2016 წლის იანვარში – 2 674,05 ლარის შემოსავალი მიუღია.
2016-2019 წლებში ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2016 წელს – 74 399,32 ლარი; 2017 წელს – 82 436 ლარი; 2018 წელს – 24 084,4 ლარი; 2019 წლის იანვარ-თებერვალში – 5 200 ლარის შემოსავალი მიუღია;
2019 წელს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციიდან 38 732 ლარის ხელფასი მიუღია; 2020 წელს ამავე პოზიციიდან – 36 496,08 ლარის ხელფასი.