ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

565

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

„კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვხატო ტრაგედიის გამო, რომელიც ბათუმში დატრიალდა. სრულიად საქართველო იზიარებს ამ დიდ ტკივილს. მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.

ყოველი წლის 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველო მცხეთობა-სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ზემოთ აღნიშნული ტრაგედიის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, გაუქმდა“, – აღნიშნულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებაში.