ქალაქ მცხეთის განაშენიანების გენგეგმის საჯარო განხილვა გადაიდო. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
“ამხანაგობა “აქოლისის” მიერ წარმოდგენილი ქალაქ მცხეთის განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არის საკმაოდ მოცულობითი და ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, საჯარო განხილვა გაიმართება 12 აპრილს, 14:00, მისამართი: მცხეთის კულტურის სახლი,”- წერია მცხეთს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნა 2014 წელს დაიწყო. 2015 წელს კი მორატორიუმი გამოცხადდა ყველანაირ სამშენებლო სამუშაოებზე, მიწისა და ქონების, პრივატიზაციაზე.
მცხეთის გენგეგმის ირგვლივ უკმაყოფილება არ ცხრება. გენგეგმის კონცეფცია არ მოსწონთ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი კაპანაძეს, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს და ექსპერტების ნაწილს. მათი მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ გენგეგმა არ პასუხობს მოსახლეობის და ქალაქის ინტერესს. ქალაქში გამოცხადებული მორატორიუმის მოხსნასა და გენერალური გეგმის პროექტის შეცვლას ითხოვს მოსახლეობაც. ამ მოთხოვნით მოსახლეობამ 15 თებერვალს საპროტესტო აქციაც გამართა.