დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 600 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
“საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 6000-ზე მეტ დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომელსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.
მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.