ზუგდიდის მერია: ანაკლიაში ნაპირდამცავი ჯებირი მოეწყობა

520

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ანაკლიაში, იქ სადაც მდინარე ენგური მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ლაივპრესს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ჯებირების მოწყობის პროექტირებაზე. უკვე შემდეგ კი დაიწყება სხვა სამუშაოები.

რაც შეეხება შეკითხვას დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე, მერიაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან ვითარებას:

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები. ბუნებრივია მერია შეისწავლის იქ არსებულ ვითარებას, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიდის მუშაობა ჯებირის მოწყობაზე. ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება პროექტირებაზე და უკვე ამ პროექტირების შემდეგ დადგინდება თანხები და იქნება სამუშაოები“, – განაცხადეს მერიაში.

24 მარტს უხვი ნალექის შედეგად კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ენგურმა ანაკლიაში ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის, დაახლოებით 15-მდე ეზო და თხილნარი დატბორა. წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ნაწილობრივ დატბორილი იყო ანაკლიის ბულვარი.

იმავე ღამეს სპეციალური ტექნიკით ენგურის კალაპოტი გაფართოვდა, რის შემდეგაც მდინარე ჩვეულ დინებას დაუბრუნდა. შემცირდა წყლის დონეც, მოსახლეობას უკვე საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა ადგილობრივები საუბრობენ იმ ზარალზე, რაც მათ სტიქიის შედეგად მიადგათ.