ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვრა.
ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვებს ყოველთვიურად 30 ლარით დაეხმარება, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს 4 თვით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დაასაქმებს და ყოველთვიურად 200 ლარს გადაუხდის.
ამასთან, ზუგდიდის მერია 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 20 ბავშვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ საცურაო აუზზე თერაპიას დაუფინანსებს.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვრა შემდეგნაირად:
- სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვის ყოველთვიურად 30-ლარიან (თითო ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველი თვის ბოლოს ქვეპროგრამით მოსარგებლე წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა). ზემოთაღნიშნული კატეგორიის ბავშვი ქვეპროგრამით ისარგებლებს კალენდარული წლის ბოლომდე;
- კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის მხარდაჭერის ქვეპროგრამა ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის დასაქმების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით (არანაკლებ საარსებო მინიმუმისა). დასაქმების ვადა განისაზღვრება 4 თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად;
- ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას და ამ მიზნით საჩუქრების შესყიდვას და გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადებასა და გავრცელებას, ასევე, საინფორმაციო შეხვედრებისა და პრეზენტაციების დაგეგმვას და მოწყობას;
- სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 20 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია) დაფინანსებას საჭიროების გათვალისწინებით. ობიექტის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით.
ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს შემდეგი დიაგნოზებით: ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80); სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83);
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 25% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.
რა საბუთები უნდა წარადგინოს ბავშვის მშობალემა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მერიაში
ბავშვის მშობელი/მისი კანონიერი წარმომადგენელი, პროგრამით სარგებლობის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს:
- განცხადებას;
- პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
- ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას;
- საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
- საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
- სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით სარგებლობისას;
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს;
- სხვა დამატებით დოკუმენტს საჭიროების შემთხვევაში
პროგრამით სარგებლობის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.