მცხეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

818

18 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალი სააღმზრდელო წელი ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა.

სოფელ წეროვანში, 4 ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი, სადაც ამჟამად 83 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა და მის ასაშენებლად 574 305 ლარი დაიხარჯა.

237 000 ლარი მოხმარდა მუხრანის მე-2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რომელმაც აღსაზრდელთა ნაკადი 5 ასაკობრივ ჯგუფზე მიიღო, სადაც პატარებს ახალი სასწავლო – აღმზრდელობითი წლის დაწყება საზეიმოდ განახლებულ გარემოში მოუწიათ.

ახალგახსნილ წეროვნისა და მუხრანის II საბავშვო ბაღები, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი დაწესებულება, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ავეჯით, ინვენტარით და ყველა პირობაა შექმნილი მოზარდების ღირსეული აღზრდისთვის. ახალ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმდა პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობიდან, რაც სოციალური ფონის გაუმჯობესებას გამოიწვევს აღნიშნულ სოფლებში.