იმნაძე „ნაცმოძრაობაზე“: ახლა ქულების დაწერის დრო არ არის, ყველას უნდა გვეყოს შეგნება

85

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პოლიტიკური მესიჯების და პიარის დრო არ არის, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მოსახლეობისთვის პირბადებიის დარიგებას, რამაც მასობრივი თავყრილობა გამოიწვია.

“არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პირბადეების დარიგების აქციის დროს, დარღვეული იყო ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის არის გაცემული, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

„COVID 19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამით ვისარგებლოთ და ამასთან დაკავშირებით გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ძალიან კარგია ქველმოქმედბა, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა – სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად, ადგილზე ვნახავ,”- განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს, “ახალი ლიდერების ინიციატივითა”  და  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს.

სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა, ადგილზე კი სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 79 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.