კომპანიების სია, ვინც მარნეულსა და ბოლნისში განაახლებს მუშაობას, უახლოეს საათებში გამოქვეყნდება

46

მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მარნეულსა და ბოლნისში ფუნქციონირებას ის საწარმოები განაახლებენ, რომლებიც დახურულ სივრცეში მუშაობას არ საჭიროებენ.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება.

„მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც არ საჭიროებს დახურულ სირცეში მუშაობას. ანუ წარმოებები, მაგალითად კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება საშენ-მასალათა წარმოება და სხვა ისეთი სამუშაოები, რომელიც არის ღია სივცრეში განლაგებული, განხორციელდება. კონკრეტუტლი სია უახლოეს საათებში გამოქვეყნდება”, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.