გამოკითხულთა უმეტესობა გახარიას, თალაკვაძის და ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი – IRI-ის კვლევა

1100

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვს, დადებითი – მხოლოდ 23%-ს. 7%-მა კი არ იცის, ან კითხვას არ ვპასუხობს.

რაც შეეხება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, გამოკითხულთა 49% მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, 39% კეთილგანწყობას აფიქსირებს, 2%-მა არ იცის, ვინ არის გახარია, ხოლო 10% პასუხზე უარს ამბობს, ან არ აქვს ჩამოყალიბებული განწყობა.

გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც. არჩილ თალაკვაძე გამოკითხულთა 50%-ს არ მოსწონს, მის მიმართ კეთილგანწყობილი მხოლოდ 25%-ია. 10%-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, ხოლო 15%-ს ან არ სურს პასუხის გაცემა, ან არ აქვს მის მიმართ ჩამოყალიბებული განწყობა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.