მცხეთის მერია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან სოფელ ძეგვში 40 000 ლარი დაიხარჯა

631

ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 40 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე კი პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები შეირჩა, – აცხადებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, მოსახლეობამ ძეგვში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სარწყავი არხის მოწესრიგება გადაწყვიტა. ხეკორძში კი სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეარჩიეს.

“ამ ეტაპზე ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია”, – ამბობენ მერიაში.

2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილმა თანხამ საერთო ჯამში 836 000 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა და წელს მისი ბიუჯეტით, რომელიც 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, 4 808 პროექტი განხორციელდა.