სოფლები 8-წლიანი მხარდაჭერის შემდეგ – შეწყვეტილი პროგრამა

1341

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები და ხარვეზები და სოფლები პროგრამის შეწყვეტის შემდეგ.  მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის ერთადერთი, პირდაპირი დემოკრატიის ფორმა, რომელიც მთავრობამ ისე გააუქმა, რომ მისი ალტერნტივა არ შეუქმნია.

ახალციხიდან სოფელ სვირამდე მისასვლელად მანქანა ჯერ ახალდაგებულ ასფალტს, შემდეგ კი მოხრეშილ გზას მიუყვება. როგორც კი ასფალტი სრულდება,  მტვრის ისეთი კორიანტელი დგება, რომ ფანჯრებს ვკეტავთ.

სვირში არ ჩივიან, ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, მაშინ, როცა ამ გზაზე, წვიმაში და ზამთარში სიარული რისკის ტოლფასი იყო, ეს მიღწევაა. და საერთოდ, სვირში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში სოფელში ბევრი რამ გაკეთდა და „ამის არდანახვა უმადურობაა“.

სოფლებში ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, გზისა და სასმელი წყლის ქსელის შეკეთება, რიტუალების სახლის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა და ასე შემდეგ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდებოდა.

მაგალითად, გზა, რომელიც ამ ეტაპზე, სანახევროდაა დასრულებული, ორ ეტაპად, 2015 – 2016 წლებში შეკეთდა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფულით. ამისთვის, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე დაცული ინფორმაციიდან ირკვევა, 2015 წელს 290,803 ლარი, 2016 წელს კი 288,771 ლარი გამოიყო. ამავე, ანუ 2015–2016 წლებში სვირში სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა და რიტუალების სახლი შეკეთდა.  ამ უკანასკნელ პრიორიტეტებს ადგილობრივები თავად არჩევდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან კი  50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.  პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ სოფელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ეძლეოდა და ადგილობრივებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რას მოხმარდებოდა ეს ფული.

მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტს, წელიწადში 650–დან 700 ათას ლარამდე თანხა ხვდებოდა და ამ ფულით, 46 დასახლებულ პუნქტში, საშუალოდ, 55–დან 70–მდე პროექტი ხორციელდებოდა.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე პროგრამის ბოლო სამი წლის სტატისტიკა იძებნება და ამ მონაცემების მიხედვით, ახალციხეში  2014 წელს – 56, 2015 წელს  – 55  და 2016 წელს – 59 პროექტი განხორციელდა.

გასულ, 2016 წელს,  ამ პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის  667.098 ლარი გამოიყო და როგორც ახალციხის გამგეობიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, 45 პროექტი 59 დასახელების სამუშაოს მოიცავდა ( თითო პროექტი რამდენიმე ტიპს მოიცავდა, მაგალითად, ხიდის რეაბილიტაცია და რიტუალების სახლის მეორე ეტაპი და ა.შ). ამ პროექტებიდან ცხრა ეხებოდა რიტუალების სახლებს, ამდენივე სასმელ წყალს, რვა სოფელში სოფლის სახლი გაკეთდა, ექვსი პროექტი შეეხო სარწყავ წყალს, დანარჩენი კი სხვა, წვრილ–წვრილი პროექტები იყო.

ახალციხე გამონაკლისი არ არის – სასმელი წყალი, გზა, სარიტუალო სახლები და საბავშვო ბაღები იყო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები საქართველოს მასშტაბით.  საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროექტებიდან:

2013 წელს – გზებზე -14,5 მილიონი ლარი;  წყალმომარაგებაზე -8,7 მილიონი ლარი; სარიტუალო სახლებზე-5,5 მილიონი ლარი; საბავშვო ბაღებზე კი 3,6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2014 წელს – გზებზე -13.7 მილიონი ლარი; წყალმომარაგებაზე-9.5 მილიონი ლარი; სარიტუალო სახლებზე-5,2 მილიონი ლარი და გარეგანათებაზე -4.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2015 წელს კი – გზებს -13.3 მილიონი ლარი; წყალმომარაგებას -8.1  მილიონი ლარი; გარეგანათებას – 5.3 მილიონი ლარი და სარიტუალო სახლებს -5,1 მილიონი ლარი მოხმარდა.

2017 წლიდან საქართველოს 3500  სოფელი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსაზღვრული თანხის გარეშე დარჩა. მთავრობამ პროგრამა ისე გააუქმა, რომ მისი ალტერნატივა არ შეუქმნია.

პროგრამის გაუქმებისას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პროგრამა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდთან გაერთიანდა და მუნიციპალიტეტებს გარკვეული დავალებები მიეცათ.

მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, ამ წესის შესაბამისად უზრუნველყონ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ საბიუჯეტო სახსრები, – განმარტა მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პროექტების დაფინანსება მართლაც გაგრძელდა, თუმცა, თუ, მაგალითად, 2016 წელს ახალციხის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით, 102 პროექტი განახორციელა, 2017 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგფონდის ფულით, ივლისის ბოლოს მდგომარეობით, 39 პროექტი ხორცელდება [მონაცემები ემყარება ახალციხის გამგეობიდან 2017 წლის 9 აგვისტოს მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას].

პროგრამის ეფექტები

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა მცირე იყო, რაც ხშირად იწვევდა მდგრადობამოკლებული, არაეფექტური პროექტების განხორციელებას, ამავე დროს, ხშირად პროექტები ვერც მთავრდებოდა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პროგრამას ჰქონდა თავისი ძალიან დადებითი მხარე, რის გამოც მისი გაუქმება დაუშვებელი იყო.  ამ ეფექტში, სფეროს სპეციალისტები, მოქალაქეთა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის ფორმას გულისხმობენ – შეგახსენებთ, პროგრამის მთავარი დანიშნულება, გარდა სოფლის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა, სოფლების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის უნარების განვითარება იყო. ეს გულისხმობდა დასაფინანსებელ პრიორიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ადგილზე – სოფლის მოსახლეობის მიერ, სოფლის კრებებზე.

მართალია, პირველ წლებში, სოფლის კრებები არცთუ ხალხმრავალი იყო და ამ კრებებზე თითქმის არასდროს ჩანდნენ ქალები, მაგრამ, 2013 წლიდან, მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თანხის გამოყოფის პროცედურებს ცვლილებები  შეეხო და ეს შედეგებზეც აისახა.

უმთავრესი ეფექტი ამ პროგრამისა იყო ის, რომ ის აძლევდა ადამიანებს საშუალებას, თითონ გადაეწყვიტათ მათ სოფელში არსებული პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ თანხა იყო ძალიან მცირე იმ პრობლემებთან შედარებით, რაც უნდა გადაეწყვიტათ. მათ ჰქონდათ საშუალება, განეხორციელებინათ რეალური თვითმმართველობა და  მისი გაუქმებით, უპირველესად, მოქალაქეთა მონაწილეობის კომპონენტი საგრძნობლად შემცირდა“ 

– ამბობს მართველობით სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე.

მისივე თქმით, ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ფინანსების სიმწირე იყო, სწორედ ეს იწვევდა ნაკლებად პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას, რაც შემდეგ სამინისტრომ მისი გაუქმების მთავარ არგუმენტად დაასახელა: „უკეთესი იქნებოდა, რომ გაზრდილიყო  ფინანსური შესაძლებლობები.  ხელისუფლება როცა ასაბუთებდა, რატომ აუქმებდა პროგრამას, ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ მოქალაქეები, თითქოსდა, ნაკლებ პრიორიტეტულ პრობლემებს ირჩევდნენ და ეს გამოწვეული იყო სწორედ თანხის ნაკლებობით“.

კოკა კიღურაძე მოქალაქეთა მონაწილოების ფორმებზე საუბრობს და ამბობს, რომ იმ ექვსი ფორმიდან, რაც არსებობს (საკრებულოს სხდომაზე დასწრება, პეტიცია, სოფლის კრება, და ა.შ.), ეს პროგრამა იყო ერთადერთი, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეების მიერ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებას, ყველა სხვა არ ცდება ინფორმირების დონეს:

ორი ფორმა შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს, ეს არის პირდაპირი დემოკრატია, სადაც მოქალაქეები უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას  მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე და წარმომადგენლობითი, სადაც მოქალაქეები თავიანთი არჩეული წარმომადგენლის საშუალებით ახდენენ საკრებულოში გადაწყვეტილების მიღებას. დანარჩენი ექვსი ფორმა არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ უფრო პირდაპირი დემოკრატიის ფორმები განავითაროს ხელისუფლებამ, ვიდრე წარმომადგენლობითი“.

პროგრამის ეფექტურობაზე, მიუხედავად არაერთი ხარვეზისა, ვკითხულობთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 2014 წლის ანგარიშშიც.

კვლევამ აჩვენა,რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასწია ძალისხმევა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა მართვის გასაუმჯობესებლად, რამაც გაზარდა მათი მიზნობრიობა და ხარისხი“

– ნათქვამია ანგარიშში და ამ შეფასებას არაერთი რეკომენდაცია მოსდევს, რაც, ორგანიზაციის აზრით, კიდევ უფრო ეფექტურს გახდიდა პროგრამას.

მიუხედავად ამ შეფასებებისა, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში არ ფიქრობენ, რომ პროგრამის გაუქმებით სოფლად მცხოვრები მოქალაქეები დაზარალდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე თანხის სიმწირეზე აკეთებს აქცენტს, რაც პროექტების დასრულებას არ ჰყოფნიდა, ეს კი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. მისი თქმით, ვინაიდან ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი სერიოზული პროექტების განსახორციელებლად და თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტიც ამატებდა (ამის უფლება მუნიციპალიტეტებმა 2014 წლიდან მიიღეს), მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რამდენიმე პროგრამა გაეერთიანებინა. დღეს არ გვაქვს სოფლის მხარდაჭრის პროგრამა, მაგრამ გვაქვს კომპონენტი, რეგფონდებიდან გამოყოფილ თანხაში აუცილებლად არის ჩასმული თვითმმართველობიდან, საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსება, რაც სრულად აგვარებს იმ პრობლემებს, რაც არის გადასაწყვეტი“, – აცხადებს მელიქიძე.

გამგებელი ამბობს, რომ, ამ პროგრამის გაუქმებით, სოფლები ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არ დარჩენილან: არცერთ შემთხვევაში ეკონომიკური ეფექტი არ დაიკარგა. ის თანხა, რაც მოდიოდა კოდით – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ეს ციფრი, და უფრო მეტი თანხაც, დაემატა რეგფონდების თანხას. ანუ ბიუჯეტი კი არ შემცირდა, გაიზარდა მოცულობაში“.

თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რატომ არ გაიზარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ჯამური თანხა და რატომაა სხვაობა 2016 და 2017 წლებში ახალციხეში განხორციელებული პროექტების რაოდენობაში, ეს კითხვა გამგებელს უკვირს და ამბობს, რომ პროექტების ასე შედარება უზუსტობაა: „39 პროექტი ნამდვილად არ არის, მხოლოდ დღეს რამდენიმე ტენდერი გამოვაცხადეთ. 2016 წელს რიცხობრივად ბევრი პროექტი განხორციელდა, წლის ბოლოს იყო ბევრი, მათ შორის, რადგან ამ დროს მიიღო თანხა მუნიციპალიტეტმა და ეს პროექტები გადმოვიდა 2017–შიც. ამიტომ, ვერ დაგეთანხმებით, რომ წელს უფრო ნაკლები პროექტი ხორციელდება. ეს ციფრები ვერ იქნება ზუსტი, რადგან ყოველ დღე მიდის პროცესი და ამ წუთში, მაგალითად, 10 პროექტი გვიდევს ტენდერზე. დღესაც მიმდინარეობს რამდენიმე პროექტის დამუშავება და რამდენიმე დღეში ტენდერი გამოცხადდება“.

ახალციხის გამგეობაში არც მოქალაქეთა მონაწილეობის დაკარგულ კომპონენტზე იზიარებენ ექსპერტების მოსაზრებას და ირწმუნებიან, რომ სოფლად კრებები ახლაც ისევე აქტიურად ტარდება, როგორც ეს პროგრამის ფარგლებში იყო: „მუნიციპალიტეტებში დგინდება სამუშაო გეგმა და ამ გეგმაში ერთ-ერთი კომპონენტია საერთო კრების ჩატარება, არა ერთხელ წელიწადში, არამედ წლის განმავლობაში რამდენჯერმე. ეს ოქმებით ფიქსირდება, ყველა კრების ოქმია შედგენილი“.

გამგებლისგან განსხვავებით, კოკა კიღურაძე, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ პროგრამის ყველაზე შესატყვისი ალტერნატივა, სამოქალაქო ბიუჯეტია, რომელიც ჯერ მხოლოდ მარნეულსა და გორში დაინერგა.

მუნიციპალიტეტები თავისი ბიუჯეტიდან ერთ ან ათ პროცენტს გამოყოფენ, გააჩნია ბიუჯეტს და ამბობენ, რომ ამ თნხას არ შეეხება საკრებულო, თითოეული სოფელი შემოგვთავაზებს პროექტებს, ჩატარდება კონკურსი და შერჩეული პროექტები დაფინანსდება . ეს ანალოგიურია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და კიდევ უფრო დახვეწილია. ეს ფორმა გამოიყენება პოლონეთის მუნიციპალიტეტებში. პოლონურმა ორგანიზაციამ დანერგა მარნეულშიც და  ორი წელი საკმაოდ წარმატებულად ხორციელდებოდა. ასეთი მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები უნდა იყოს შემოტანილი, რომელიც უშუალოდ მოქალაქეს აძლევს წვდომას საკითხზე, – არა აზრი ჰკითხოს, არამედ თვითონ გადაწყვიტოს და, შესაბამისად, თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა იმ პროექტებზე, რომელიც გადაწყდება მისი მონაწილეობით. ეს არის კონსტიტუციის და თვითმმართველობის კოდექსის მთავარი პრინციპი, – თვითმმართველობა ნიშნავს მოქალაქეების მიერ გადაწყვეტილების მიღებას და ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებას“, – ამბობს კოკა კიღურაძე.   

პროგრამის გაუქმებიდან თითქმის 9 თვე გადის. ჯერ მის ალტერნატივაზე საუბარი არ დაწყებულა.  ამ დრომდე უცნობი რჩება, აპირებს თუ არა მთავრობა, სოფლების მცხოვრებლებს ინიციატივების საკუთარ თავზე აღება და გარკვეული ოდენობის თანხა ისევ ანდოს.

სოფელ სვირამდე, წელს არა, მაგრამ მომავალი წლის ამ დროს, შესაძლოა, მოასფალტებული გზა მივიდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტმა სვირის გზის დასასრულებლად თანხა ისევ მთავრობას სთხოვა. მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 852 990 ლარი გამოიყოფა და იმ ცხრა პროექტს შორის, რაზეც ეს ფული დაიხარჯება, ერთ-ერთი 1 010 000 ლარად შეფასებული ტატანისი–სვირი–ბოგას საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სოფელ სვირს ეშველება, მაგრამ საქართველოს 3500 სოფლიდან, რამდენ სოფელში დარჩება სანახევროდ ასფალტდაგებული და სანახევროდ მოხრეშილი გზა, მთავრობის მორიგ წყალობამდე,  ან რა გამოიყვანს ისევ სახლებიდან ძლივს გააქტიურებულ ადგილობრივებს, არავინ იცის.