ადიგენში, ფერსათის მთის შესაძლო ელექტრო ენერგიით მომარაგების საკითხს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის, – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” გვაწვდის. ამის შესახებ toktv.ge წერს.
ფერსათის მთაზე ელექტროენერგიის ხაზების გაყვანის მოთხოვნით «საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ» 418 ადგილობრივის ხელმოწერა შეაგროვა და ინიციატივით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა.
აღნიშნულზე ეკონომიკის სამინისტროდან არასამთავრობო ორგანიზაციას მოუვიდა წერილი, სადაც უწყება წერს, რომ საკითხს განიხილავენ.
“ეკონომიკის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფერსათის მთის ელექტრიფიცირების შესაძლებლობისა და დაფინანსების მოპოვების საკითხს როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით”, — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე ამბობს, რომ მიმართვა ასევე გადაგზავნილია ადიგენის მერიაში, სადაც მოწოდებული ინფორმაციით უწყება ეკონომიკის სამინისტროსთან საკითხზე კომუნიკაციას დაამყარებს. რც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციას, სადაც მიმართვა ასევე გაგზავნილია უჩიძე ამბობს, რომ რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.
“როცა ეკონომიკის სამინისტროს გავუგზავნეთ მიმართვა, ასევე გავგზავნეთ ის გუბერნიაში და მერიაში. მერიიდან მოგვწერეს, რომ საკითხზე წერილს გაუგზავნიდნენ ეკონომიკის სამინისტროს. რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციას, მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია,” — ამბობს უჩიძე.
რა ეტაპზეა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროს და ადიგენის მერიას შორის? მერი , ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა ელექტრომომარაგების საკითხზე მუშაობენ.
“ჯერ არ გაგვიგზავნია წერილი, თუმცა ვმუშაობთ ამ საკითხზე. ამ შემთვევაში ჩვენი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა,” – გვეუბნება ენდელაძე.
რა პოზიცია აქვს სამხარეო ადმინისტრაციას? უყწებიდან პასუხის მიღებას ველოდებით.
ფერსათის მთის ელექტრო ენერგიით მომარაგების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციამ უწყებებს 10 თებერვალს მიმართა.
ფერსათის მთას ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულში იყენებს, როდესაც მთაში შინაური ცხოველები მიჰყავთ.