“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფერსათის მთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მოთხოვნით, ხელმოწერები შეაგროვა

568

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ფერსათის მთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ხაზების გაყვანას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადიგენის 17 სოფელში 418 ხელმოწერა შეაგროვა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ახალციხის ოფისის სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით, ადიგენის 17 სოფელში 418 ხელმოწერა შევაგროვეთ და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ფერსათის მთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მოთხოვნით მივმართეთ.
მთაზე ელექტროენერგიის მიყვანის შემთხვევაში, ადიგენელების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება და შედეგად, შეძლებენ ფერმერული მეურნეობების გაფართოებას.
მოვუწოდებთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, განიხილონ ჩვენს მიერ წარდგენილი მოთხოვნა და გადაჭრან ადიგენის სოფლებში მცხოვრები ასობით ოჯახის პრობლემა,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ადიგენის რამდენიმე სოფელში გლეხები, რომლებსაც ოთხ-ხუთ სულ  პირუტყვზე მეტი ჰყავთ, ადგილზე არასაკმარისი საძოვერების გამო, იძულებული არიან სახლ-კარი დატოვონ და წლის განმავლობაში ექვსი თვე, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ფერსათის მთის საძოვრებზე გაატარონ. იმის გამო, რომ ფერსათის მთაზე, სადაც ადიგენელების საზაფხული საცხოვრებლებია მოწყობილი, ელექტროენერგია არ არის, მათ აქვთ პირუტყვის მოვლა-მოწველის, რძის გადამუშავებისა  და  შენახვა-რეალიზაციის პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ჩვენ 418 ხელმოწერა შევაგროვეთ და შესაბამის ორგანოებში გავგზავნეთ,” — ამბობს toktv.ge-სთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ უჩიძე.

რა პოზიცია აქვთ ელექტროენერგიის გაყვანასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში?

ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობენ, თუმცა, რამდენად მოხდება პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე არ იცის.

“ჩვენი სურვილიც არის, რომ ელექტრო ენერგიით სარგებლობდნენ ეს ადამიანები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და საბოლოოდ როგორ გადაწყდება ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ინტერესი ძალიან დიდი გვაქვს,” — განაცხადა ენდელაძემ.

ფერსათის მთას ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულის პერიოდში იყენებს. ყოველწლიურად მოსახლეობას მთაში შინაური ცხოველები მიჰყავს.