საქართველოში იაპონიის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციას – “გარემო და განვითარება” შორის ხელი მოეწერა პროექტს, რომლითაც, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის შემცირების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობა მოეწყობა. ამისათვის კი საელჩო 71,249 აშშ დოლარს გამოყოფს.
პროექტი, რომლის ხელმოწერის ცერემონიაც 9 მარტს გაიმართა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური, შედეგიანი და მდგრადი გზებით მიწოდების უზრუნველყოფას.
გარდა სასათბურე მეურნეობისა, წელს, საელჩოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ნაგავმზიდი მანქანის შეძენა დაფინანსდა.
იაპონიამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 180 საგრანტო პროექტი დააფინანსა, რამაც 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.