იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდ მანქანას შეიძენს

561

საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტს შორის ხელი მოეწერა პროექტს, რომლითაც მუნიციპალიტეტი, ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ნაგავმზიდ მანქანას შეიძენს. ამისათვის კი საელჩოსგან 56,000 აშშ დოლარს მიიღებს.

პროექტის ხელმოწერის ცერემონია 9 მარტს გაიმართა და მას იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა მოაწერეს ხელი.

პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური, შედეგიანი და მდგრადი გზებით მიწოდების უზრუნველყოფას.

გარდა ნაგავმზიდი მანქანის შეძენისა, წელს, საელჩოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაფინანსდა.

იაპონიამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 180 საგრანტო პროექტი დააფინანსა, რამაც 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.