იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორია შეიქმნება

915

საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ფერმერების მიერ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით, თაფლის ტესტირების ლაბორატორია შეიქმნება. ამისათვის კი საელჩო 82,252 აშშ დოლარს გამოყოფს.

პროექტი, რომლის ხელმოწერის ცერემონიაც 9 მარტს გაიმართა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული და მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური, შედეგიანი და მდგრადი გზებით მიწოდების უზრუნველყოფას.

გარდა ლაბორატორიისა, წელს, საელჩოს მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ნაგავმზიდი მანქანის შეძენა დაფინანსდა.

იაპონიამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 180 საგრანტო პროექტი დააფინანსა, რამაც 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.