ბათუმში სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც სოციალური პროექტის, „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებულ კორპუსებში დღეს თვითნებურად შეიჭრნენ, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ჯავახიშვილის ქუჩაზე. დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. კერძოდ, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მოქალაქეებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს და თვითნებურად შეჭრილმა მოქალაქეებმა შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
საცხოვრებელ კორპუსებში დღეს 40-ზე მეტი ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. ისინი აცხადებდნენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან, არ აქვთ საცხოვრებელი და ვერ ახერხებენ ბინის ქირის გადახდას. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
ბათუმის ვიცე-მერის, ლელა სურმანიძის განცხადებით, კორპუსები განკუთვნილია სპეციალური კატეგორიისთვის, ვისაც საშუალება აქვს, ყოველთვიურად გადაიხადოს ბინის ღირებულება 15 წლის განმავლობაში და აღნიშნა, რომ უკანონო შეჭრას არ დაუშვებენ.
„იაფი სახლი“ ბათუმის მერიის პროექტია. კორპუსები ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა და მრავალწლიანი გამოსყიდვის უფლებით უნდა გადაეცეს ოჯახებს, ვინც წლებია, ბათუმში ცხოვრობს, არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი, უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი, რომლითაც მოახერხებს ყოველთვიურად ბინის გამოსყიდვისთვის გარკვეული თანხის შეტანას. კოპურსები მზადაა, თუმცა დღემდე კრიტერიუმების დაზუსტების მოტივით ბინები არ დანაწილებულა“, – განაცხადა სურმანიძემ.