აჭარის განათლების სამინისტრომ საზოგადოება “ბათომის“ და EMC-ის მოთხოვნა, რომლითაც ბულვარში სასტუმრო “ამბასადორის” მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვდნენ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბულვარის” წევრი ზეინაბ დიასამიძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ უარის შესახებ სამინისტროდან დღეს შეატყობინეს.
მისივე განცხადებით, მინისტრი ბულვარში 16 სართულიანი შენობის მშენებლობას არ აჩერებს, მაგრამ დაპირდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს შეისწავლის.
“პარასკევამდე გვქონდა სამინისტროსთვის ვადა მიცემული. ხანგრძლივი ჭმუნვისა და ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენს მოთხოვნას, დავის საბოლოო განხილვამდე ბულვარში სამშენებლო სამუშაოები შეეჩერებინა, უარით უპასუხა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით იმ ხალხთან ერთად ვისაც გული შესტკივა ამ ქალაქზე. არ მივცემთ ხელისუფლებას და კომპანიას მსგავსი უკანონო ქმედებების განხორციელების საშუალებას.
ორგანიზაციაში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებითაც,” – განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ.
საზოგადოება “ბათომმა“ და EMC ბულვარში “ამბასადორის” მშენებლობაზე გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით სამინსიტროს 26 თებერვალს მიმართა.
ისინი დაუყოვნებლივ მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ, იმისათვის, რომ არ გაგრძელებულიყო ძეგლის ხელყოფა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა აჭარის განათლების სამინსიტროს და უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ეწინააღდმეგებიან. ისინი უკვე რამდენიმე თვეა ბულვარში ,,ამბასოდორის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავენ.
აქციის მონაწილეებმა “ბულვარის გადასარჩენად” პეტიციაც შეიმუშავეს.