აუდიტი: ხაშურის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ დასრულდა

618

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ დასრულდა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 39,435.5 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 39,116.0 ათასი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის ფაქტობრივი და გეგმური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში:

“შემოსულობებიდან ორივე საანგარიშო წლისათვის დაბალი მაჩვენებლით შესრულდა „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლი − ვერ განახორციელდა დაგეგმილი ძირითადი აქტივების რეალიზაცია. გადასახდელებში მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი. კერძოდ, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, ქუჩების, გზების, მინი- სტადიონებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს, კერძოდ, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 1,920.2 ათასი ლარი. 2018 წლისათვის დაიგეგმა 1,618.7 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დაგეგმილი ნაშთიდან გამოყენებულია მხოლოდ 82.1 ათასი ლარი. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 1,838.1 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 104.6 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 1,662.4 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 401.6 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 2,239.7 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 787.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ხაშურის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დასაფინანსებლად.