ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის და დახურული აუზის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. სამუშაოებს ჩინური კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP” შეასრულებს.
აღნიშნული მშენებლობისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასული წლის აგვისტოში გამოაცხდა, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია 11 404 195 ლარად შეასრულებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი ტრიბუნები და სავარჯიშო (კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო) დარბაზები უნდა განთავსდეს.
კომპანიამ საცურაო აუზის მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ტერიტორია, სადაც კომპლექსის მშენებლობა უნდა დაიწყოს, ასპინძის ქუჩაზე, სპორტსკოლასთან მდებარეობს.
საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა და სპორტული კომპქლექსის ასაშენებლად პროექტი 218 360 ლარად მოამზადა.
ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს, ახალციხის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამწლიანი განკარგვის უფლებით გასულ წელს გადასცა.