აუდიტმა ახალციხის მერიის შესყიდვებში ინტერესთა კონფლიქტი დაადგინა

354

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ინტერესის კონფლიქტის შემთხვევები გამოავლინა. საქმე ეხება ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიის ტენდერებში მონაწილეობას. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, ახალციხის მერის მრჩეველის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მისივე  კომპანია ასრულებდა სამუშაოებს, რომლის ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებასაც ისევ მერის მრჩეველი ახორციელებდა. აუდიტი მიუთითებს რომ აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები, რაც ფაქტობრივი გარემოებებითაც დასტურდება.

2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტმა 11 ხელშეკრულება გაუფორმა შპს „მშენებელი-2004-ს“ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვისთვის, ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით 318.9 ათასი ლარი. 11 შესყიდვიდან 5 გაფორმდა ტენდერის გზით, ხოლო 6 – გამარტივებული შესყიდვით. 5 შემთხვევიდან 3 ჩატარდა უკონკურენტო გარემოში, მხოლოდ შპს „მშენებელი- 2004-ის“ მონაწილეობით. დანარჩენი 2 ტენდერიდან, ერთ შემთხვევაში დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შედეგად, ხოლო მეორე შემთხვევაში – დაბალი ფასით შპს „მშენებელი-2004-მა“ გაიმარჯვა.

შესწავლით დგინდება, რომ შპს „მშენებელი-2004-ის“ 20%-იანი წილის მესაკუთრეა მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურულ საკითხებში. აღნიშნული პირი მონაწილეობს ზემოთ აღნიშნული შესყიდვების ხარჯთაღრიცხვების შედგენასა და შემოწმებაში.

გარდა ამისა, ის მერის ბრძანებებით შექმნილი ინფრასტრუქტურული პროექტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელია და მიღება-ჩაბარების კომისიის წევრიცაა. შესაბამისად, მის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მის თანამფლობელობაში არსებული კომპანია ასრულებს სამუშაოებს, რომლის ინსპექტირებას და მიღება-ჩაბარებას თავადვე ახორციელებს.

აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები. შესაბამისად, ასეთი ურთიერთობების არსებობა გავლენას ახდენს ტენდერის შედეგებზე, რაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ:

2019 წლის 17 აპრილს მერიამ გამოაცხადა ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 38.5 ათასი ლარი.

პროექტი შედგენილია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, რომელიც შეამოწმა მერის მრჩეველმა, რასაც ადასტურებს პროექტზე ხელის მოწერით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 4-მა პრეტენდენტმა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა ი/მ მერაბ მერაბიშვილმა – 30.8 ათასი ლარი. ამ პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე მიენიჭა დისკვალიფიკაცია იმ მოტივით, რომ ხარჯთაღრიცხვაში არ ჰქონდა განფასებული სამუშაოების 1 %-ზე მეტი. შესწავლით გამოვლინდა, რომ პრეტენდენტს მითითებული ჰქონდა „ნულის“ ნაცვლად „ტირე“, რაც სატენდერო კომისიამ ჩათვალა განუფასებელ პოზიციად. ანალოგიური მიზეზით განხორციელდა შემდეგი დაბალფასიანი პრეტენდენტების დისკვალიფიკაციაც. საბოლოოდ, გაიმარჯვა ყველაზე ძვირიანმა პრეტენდენტმა – შპს „მშენებელი 2004-მა“, სატენდერო ფასით – 36.9 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ შპს „მშენებელი 2004-ის“ მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც იყო განუფასებელი პოზიციები, რომელთა რაოდენობა აღემატებოდა განსაფასებელი პოზიციების ერთ %-ს, თუმცა ამ შემთხვევაში, სატენდერო კომისიამ მისცა პრეტენდენტს შესაძლებლობა დაეზუსტებინა ხარჯთაღრიცხვა.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები. მუნიციპალიტეტში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სატენდერო კომისიას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა და ტენდერები ჩატარდა კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ.