აუდიტი: ახალციხის მერია ქონებას იჯარით საბაზროზე დაბალ ფასად გასცემს

328

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახალციხის მერია საკუთებაში არსებულ უძრავ ქონებას იჯარით საბაზროზე დაბალ ფასად გასცემს, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტმა 2018 – 2019 წლებში 232 ათასი ლარი აზარალა. გარდა ამისა, აუდიტმა დაადგინა რომ მუნიციპალური ქონებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ, ამაზე კი მერია არ რეაგირებს. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის სამსახურის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტს ქონება იჯარით გაცემული აქვს ისე, რომ საკრებულოს მიერ არ არის დადგენილი საიჯარო ქირის განსაზღვრის წესი, ასევე მოწვეული აუდიტორის/ექსპერტის მიერ, არ არის შეფასებული გასაქირავებელი ფართის საბაზრო ღირებულება და საწყისი საიჯარო ქირის ოდენობა.

“შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში არსებული ქონება იჯარით გაცემული ჰქონდა საბაზროზე ნაკლებ ფასად. კერძოდ: 2018-2019 წლებში მოქმედი სამი საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, მერიას გაქირავებული ჰქონდა 934 კვ. მ. ფართი, 55 წლიური საიჯარო ღირებულებით 19.5 ათასი ლარი. ხელშეკრულებების თანახმად, ერთი კვ. მ. ფართის წლიური საიჯარო ღირებულება განისაზღვრა 14.6 ლარიდან 33.7 ლარამდე. შესწავლით გამოვლინდა, რომ ამ ზონაში ერთი კვ. მ კომერციული ფართის წლიური საიჯარო ღირებულება მერყეობდა 270-დან 637 ლარამდე”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ საიჯარო შემოსავლის მიღების მიზნით, მერია არც შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ატარებს და არის შემთხვევები, როცა კერძო პირები მრავალწლიან საიჯარო ქირას არ იხდიან.

“ასევე არ არის სათანადო ღონისძიებები გატარებული საიჯარო თანხების მობილიზების მიმართულებით. კერძოდ, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მეიჯარეების მიერ გადაუხდელმა საიჯარო თანხებმა 16.9 ათასი ლარი შეადგინა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

იჯარით გაცემული ობიექტების გარდა, აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განუკარგავი ქონების მდგომარეობაც შეისწავლა. ანგარიშში ვკითხულობთ რომ აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა შემთხვევები, როცა მუნიციპალური ქონებით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ფართით სარგებლობისთვის არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს.

“ერთ შემთხვევაში, არაუფლებამოსილი პირი სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 53.8 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. დანარჩენ ორ შემთხვევაში თვითნებურად დაკავებული იყო 8429 კვ. მ ფართი სრულად, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით.პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული მიწებით წლებია უკანონოდ სარგებლობს მოსახლეობა, თუმცა საკითხის სამართლებრივი დარეგულირებისთვის, მათ მიერ რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.