აუდიტი: ახალციხის საკრებულოს წევრებმა 200 ათას ლარზე მეტი დაუსაბუთებლად მიიღეს

493

ახალციხის მერიამ, 2018- 2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 209.1 ათასი ლარი გასცა, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად და  ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, თანაბარი ოდენობის თანხა მიიღეს, მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებით. დადგენილების მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა, 2018 წელს – 500 ლარი, 2019 წლის აგვისტოდან – ყოველთვიურად 700 ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 209.1 ათასი ლარი.

„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი,“- წერს აუდიტი.